თბილისის მშრალი პორტის გენერალური დირექტორი სექტორში არსებულ რამდენიმე გამოწვევაზე მიუთითებს. მათ შორისაა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროება.
როგორც ნინო ნემსაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, თბილისის მშრალი პორტის წარმატება რკინიგზის მოდერნიზაციაზეცაა დამოკიდებული.
"გამოწვევები სულ არის ლოგისტიკაში, თუმცა გამოვარჩევდი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებას, ლოგისტიკის სფეროში კვალიფიცირებული ადამიანური რესურსების ნაკლებობას. ჩვენი ბიზნესის წარმატება საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. იცით, რომ უკვე მიმდინარეობს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს ტვირთბრუნვასა და რკინიგზის გამტარუნარიანობაზე. ამასთან, არის სავაგონე პარკის გამოწვევებიც, თუმცა ეს ნაწილიც იმედია დადებითად გადაწყდება და ბევრი სიახლე იქნება ამ თვალსაზრისით",-აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
მისივე თქმით, რეგიონში ინფრასტრუქტურის დეფიციტია.
"დღეს რეგიონში ინფრასტრუქტურის ისეთი ნაკლებობაა კონკურენციაზე საუბარი აქ არ არის. უფრო ერთმანეთის შემავსებელი ფუნქცია გვაქვს. ჩვენ ვგრძნობთ ამავე სფეროში მყოფი კომპანიების მხრიდან მხარდაჭერას. ეს ერთმანეთზე გადაჯაჭვული სფეროა და ვერცერთი დერეფანი ვერ იქნება გამტარუნარიანი, თუ ამ ჯაჭვში ყველა რგოლი შესაბამის სტანდარტს არ აკმაყოფილებს",-აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
მისივე განმარტებით, თბილისის მშრალი პორტი ოპერირებს სპეციფიკური საკონტეინერო ტექნიკით, რომელიც თბილისისთვის სიახლეა. "ამიტომ იყო გამოწვევები. აუცილებელი იყო ოპერატორების გადამზადება და სერტიფიცირება. ჩვენ ასევე მძლავრი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გვაქვს ჩვენსავე ტერიტორიაზე. მათ შორის ორი ლოკომოტივი. გვაქვს გამოცდილება ჩვენი თანამშრომლების ჩვენივე ძალებით გადამზადების. განვიხილავთ შიდა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას მომავალშიც და არ გამოვრიცხავთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ტექნიკურ კოლეჯებთან თანამშრომლობას",-აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
ცნობისთვის, თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად უკვე ამოქმედდა,რაშიც ჩაიდო 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. ობიექტმა მიიღო, როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.