თანამედროვე ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ მშობლები ბავშვების დაბადების დღის წვეულებაზე, თავადაც კარგად ერთობიან. თბილისში, დიდ დიღომში მდებარე სტარტაპის, წვეულებების სივრცის "ეზობანას" დამფუძნებელი, ანა გოგიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები მინიმუმ 300%-ით გაიზარდა.
ანა გოგიშვილის ინფორმაციით, გაყიდვების ზრდის მაღალი ტენდენცია ცნობადობის გაზრდასა და მაღალ ხარისხს უკავშირდება.
"პირველ რიგში, ჩვენ სტარტაპი ვართ ძალიან გვიხარია, რომ ცნობადობა გავზარდეთ და წინ დადებითი ტენდენციით მივდივართ. ძირითადად, ჩვენი მომხმარებლები ადგილობრივი მოსახლეობაა, კერძოდ ბავშვები. ღია სივრცე გვაქვს, სადაც პატარებს წვეულებებს ვუწყობთ, ასევე ნებისმიერ საბავშვო ღონისძიებას მოვიცავთ. ამჟამად, 100%-ით ადგილობრივ მოსახლეობაზე ვმუშაობთ, თუმცა მოხარული ვიქნებით, თუ მალე უცხოელ ბავშვებსაც მივიღებთ. ნებისმიერი ასაკის პატარებს შეუძლია, ჩვენს ლამაზად გაფორმებულ ღია სივრცეში გაერთოს. აქცენტს ძირითადად, ბუნებაზე ვაკეთებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა, კომპანიებისგან გვაქვს შეკვეთები და მშობლები თავიანთ პატარებთან ერთად - წვეულებებს ჩვენს სივრცეში გეგმავენ.
წინასწარი დაკვეთები ძალიან ბევრია, მთელი თვე შევსებული გვაქვს. შარშანაც დადებითი სტატისტიკა გვქონდა, თუმცა, წელს გაცილებით გავიზარდეთ და აქტიური გავხდით. კერძოდ, დღეში მინიმუმ 1 დაბადების დღე გაწერილია. უფრო კონკრეტულად, რომ გითხრათ, ივნისის თვის ჭრილში, რამდენიმე დღე გვაქვს თავისუფალი, მაქსიმუმ 9-10 თარიღი. გაყიდვების ზრდას რამდენიმე ფაქტორს ვუკავშირებ: პირველი - ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს შესახებ ინფორმირებული, მეორე - მომხმარებლებმა ჩვენს შესახებ ინფორმაცია ერთმანეთს გადასცეს.
მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე სივრცე გვაქვს, სადაც ბავშვებთან ერთად მშობლებსაც შეუძლიათ, რომ განთავსდნენ, რაც ძალიან მოსწონთ. კონკრეტული პროგრამა გვაქვს, მათ შორისაა წამყვანი, საკვებს რაც შეეხება - ნატურალურია და ჩვენ თვითონ ვამზადებთ. ჩვენთან მუდმივად დაახლოებით, 5 ადამიანი დასაქმებული", - აღნიშნავს "ეზობანას" დამფუძნებელი.
ანა გოგიშვილმა მიმდინარე ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებლები ძირითადად 20 ბავშვიან წვეულებას ირჩევენ, რაც 1 000-დან 1 500 ლარამდე მერყეობს.
"სამომავლოდ გვინდა, რომ ყველა დღე დაკავებული გვქონდეს, ახალი ტიპის დაბადების დღის ღონისძიების მოფიქრების პროცესში ვართ - თამაშებითა და აქტივობებით. ამ ეტაპზე, ეზოს თამაშები მოვიფიქრეთ, რაც ბაზარზე არ არის. გვინდა, ახალი ნიშა დავდოთ და ამ კონცეფციაზე აქტიურად ვმუშაობთ.
გარკვეული სახის ტენდენცია შევნიშნე - პირველ რიგში, მშობლებიც და ბავშვებთან კარგად ერთობიან. ფასს, რაც შეეხება, დაბადების დღის გადახდა 700 ლარიდან 3 000 ლარამდე მერყეობს. გააჩნია რამდენი ბავშვი იქნება და რა სერვისს აირჩევენ", - აღნიშნავს ანა გოგიაშვილი.
ცნობისთვის, თბილისში დიდ დიღომში მდებარე სტარტაპი, წვეულებების სივრცე - "ეზობანა" ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს. აღნიშნული სტარტაპი 2000 ლარითაა დაწყებული.