დამკვეთების ნაწილი, რომლებიც საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტს ახდენდნენ, სხვა ქვეყნებზე გადაერთვნენ. ექსპერტების შეფასებით, მიზეზი კერვის სერვისის შეთავაზების ფასებია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ტანსაცმლის წარმოების სპეციალისტმა გიორგი ბარნაბიშვილმა განუცხადა, სექტორში დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და მთავარი მიზეზი, რამაც საქართველოში, ბოლო 2 წელია, ტანსაცმლის ინდუსტრიას განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა და სამკერვალოების გარკვეული ნაწილის დახურვაც გამოიწვია, ნედლეულის დეფიციტია.
„საქართველოში ქსოვილები და აქსესუარები საერთოდ არ იწარმოება, შესაბამისად, ქვეყანა მათ იმპორტს ახდენს, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის დამზადებული ტანსაცმლის თვითღირებულებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს უჭირს კონკურენციაში შესვლა ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებსაც საკუთარი ნედლეული აქვთ, ვინაიდან, ასეთი ქვეყნები პოტენციურ დამკვეთებს კერვის სერვისს უფრო იაფად სთავაზობენ, ვიდრე საქართველო“, - აღნიშნა გიორგი ბარნაბიშვილმა.
სექტორისთვის კიდევ ერთ გამოწვევად მუშახელის დეფიციტი სახელდება. ტანსაცმლის ინდუსტრიაში ამბობენ, რომ ამ დარგში ანაზღაურებები საკმაოდ დაბალია, რის გამოც ახალგაზრდები ამ საქმის შესწავლით და აღნიშნულ სფეროში დასაქმებით არ ინტერესდებიან. კიდევ ერთი პრობლემა კი, რომელთან გამკლავებაც ქართულ ტანსაცმლის ინდუსტრიას უჭირს, ტენდერების საკითხია. საქართველოს ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ტენდერებს უმეტესად ის კომპანიები იგებენ, რომელთაც თავად წარმოება არ აქვთ და ტანსაცმლის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან იაფად ახდენენ.
აღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, ქვეყნიდან ტანსაცმლის ექსპორტი მცირდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, ქვეყნიდან 38 მილიონი დოლარის ღირებულების სამოსი გავიდა ექსპორტზე, მაშინ როდესაც, წინა წლის იმავე პერიოდში, პროდუქციის ექსპორტის ღირებულება 47 მლნ დოლარამდე იყო. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ქართული ტანსაცმლისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, სადაც საანგარიშო პერიოდში, 33 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
ტანსაცმლის წარმოების სპეციალისტი გიორგი ბარნაბიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ამბობს იმასაც, რომ სხვა გამოწვევებთან ერთად, ტანსაცმლის ექსპორტის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში წელს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც. მისი განმარტებით, ნებისმიერი სახის დაძაბულობა, გავლენას ახდენს ბიზნესურთიერთობებზე.
ტანსაცმლის წარმოების სპეციალისტი გამოსავლის გზებზეც საუბრობს და სახელმწიფოს დახმარების აუცილებლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, სექტორს გარკვეული ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება თუნდაც სამკერვალოების გადაიარაღების, ასევე თანამედროვე სტანდარტების დანერგვის პროცესში.
ცნობისთვის, საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გასულ წლებშიც შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2024 წელს ქვეყნიდან, ჯამურად, ექსპორტზე 160 მლნ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიდა. მაშინ, როდესაც 2023 წელს ექსპორტი 161 მლნ დოლარი, ხოლო 2022 წელს - 165 მლნ დოლარი იყო.