ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებში და საქართველოს რკინიგზაში და ოპტიმიზაციის შედეგად უკვე 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპტიმიზაცია პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის პირველი ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლა.
„სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ უნდა გავიდნენ მოგებაზე, რაც არის მათი პირველადი და მთავარი ამოცანა. მათ უნდა შეძლონ სესხების აღება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა. ეს არის საბოლოო მიზანი და ამ მიზანს ემსახურება ის პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა და რომელიც გულისხმობს საწარმოთა ოპტიმიზაციას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.