თბილისის მშრალი პორტის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პორტს ამ ეტაპზე წლიურად 100 ათასი კონტეინერის დამუშავება შეუძლია და პოტენციალი მზარდია.
"პირველი ფაზა, უკვე მისი არსებული ინფრასტრუქტურით წლიურად 100 000 კონტეინერის დამუშავებას შეძლებს. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ საოპერაციო შესაძლებლობები 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება. მესამე ფაზა ჯერ კონცეფციის ეტაპზეა და ბევრად მოცულობითი იქნება ეს პროექტი"-აღნიშნა ნინო ნემსაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
მისივე განმარტებით, პროექტში ინვესტირებით მსხვილი საერთაშორისო კომპანიები რამდენიმე ფაქტორის გამო დაინტერესდნენ.
"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ პროექტის ინიციატორი კომპანია "ინვეკო" ლოგისტიკის სფეროში ინვესტირებისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონეა, კავშირები რეგიონულ და საერთაშორისო დონეზეც არსებობს. ამ კომპანიის სანდოობა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, პროექტის ეკონომიკური პოტენციალი გადამწყვეტი ფაქტორები იყო იმისთვის, რომ ინვესტირებით ორი უმსხვილესი გლობალური მოთამაშე დაინტერესებულიყო. ესენია: ნორვეგიული “ვილჰელმსენის ჯგუფი" და არაბთა გაერთიანებული საამიროების „აბუ-დაბი პორტების ჯგუფი.“ საქართველოს რომ არ ჰქონდეს პოტენციალი გახდეს რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი და სტრატეგიული მოთამაშე, ეს ორი მსხვილი კომპანია არ ჩაერთვებოდა ამ პროექტში,"-აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
მისივე განმარტებით, ინვესტორების გათვლა არის იმაზე, რომ ტვირთბრუნვა იზრდება.
"ამასთან იზრდება "შუა დერეფნის" მნიშვნელობა, ეს არ არის დროებითი. ჩვენი მიზანია, მოვემსახუროთ ყველას, ჩვენ მომხმარებლებად აღვიქვამთ ლოგისტიკურ სფეროში ჩართულ ყველა მოთამაშეს.ინფრასტრუქტურის განვითარების გზით "შუა დერეფანი" დაიმკვიდრებს თავს გრძელვადიან პერსპექტივაში და აღარ იქნება დამოკიდებული გეოპოლიტიკურ გარემოებებზე. ბუნებრივია, გამოწვევები იქნება. თუმცა ბოლო პერიოდში მარტივდება საბაჟო პროცედურები, ხდება რეგულაციების ჰარმონიზაცია. ამიტომ გამოწვევების ნაწილი ნელ-ნელა გვარდება",-აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
ცნობისთვის, თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად უკვე ამოქმედდა,რაშიც ჩაიდო 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. ობიექტმა მიიღო, როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.