logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ადგილობრივ კომპანიებს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის განთავსებისას, საგადასახადო შეღავათები უნდა ჰქონდეთ" - "ლუდისა"

ადგილობრივი ბრენდებისთვის, ქსელურ მარკეტებში შესვლა მტკივნეული საკითხია, რადგან დიდ თანხებს უკავშირდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ქართული, პრემიალური, ტალღოვანი ჩიფსის კომერციული დირექტორი, ირაკლი ქურდაძე აღნიშნავს, კომპანია, რომელიც პროდუქტის წარმოებისთვის 80%-ზე მეტს ადგილობრივ ნედლეულს იყენებს, საგადასახადო შეღავათები უნდა ჰქონდეს.

მისივე თქმით, ქსელური მარკეტების მოქმედი პოლიტიკა, პირველ რიგში, უარყოფითად ქართულ ბიზნესს შეეხო, ამიტომ აღნიშნული სიტუაციის რეგულირება უნდა დაიწყება.

"ეს საკითხი, ყველა მწარმოებლისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. 5 წლის წინ, ქსელში, რაც იყო ღირებულება, დანახარჯი, კერძოდ, პროდუქციის შეტანის, დარჩენის, აქციებში მონაწილეობის და ა.შ. ახლა, გადასახადი 5-ჯერ დიდია. კერძოდ, მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ და ანგარიში 1 ლარზე დავიყვანოთ, ვთქვათ: ქსელში შედიხართ და ყიდულობთ ჩვენს პროდუქტს, აღნიშნული 1 ლარიდან საშუალოდ 70% ქსელში რჩება. კერძოდ, მოცემული 70% შემდეგნაირად იყოფა: შესვლის ღირებულება, რეტრო ბონუსი (გაყიდული პროდუქციის 1-დან 15%-მდე) , ე.წ. ქეშბექი, პრომო ბიუჯეტი, ასევე დამატებითი განთავსებაა - პირველ თაროზე გსურთ პროდუქტის მოთავსება, თუ ცალკე პრომო თაროზე. შესაბამისად, საშუალოდ, მწარმოებელთან, დისტრიბუტორთან 30% მიდის.

ამასთან, ზემოთ მოყვანილი 70%, 5 წლის წინ, 20-30%-ს არ აღემატებოდა. ამ ყველაფერმა კი, პირველ რიგში, ქართული წარმოება დააზიანა. გამოსავალს რაც შეეხება, გასულ წლებში პრემიერთან არსებული კომისიაც შეიქმნა, სადაც რითეილ ბაზრის რეგულირებაზე უნდა ემსჯელათ. პირველი გამოსავალია, ამ ყველაფრის რეგულირება მოხდეს, მეორე ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის კუთხით საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. კერძოდ, იმ კომპანიაზე, რომელიც წარმოებაში 80%-ზე მეტს ადგილობრივ ნედლეულს იყენებს და უცხოეთიდან იმპორტი არ შემოაქვს. დიახ, ადრე ეს 2 ინიციატივა იყო, თუმცა ახლა რა სტატუსი აქვს არ ვიცი" - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ირაკლი ქურდაძე საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ უცხოეთიდან შემოსული პროდუქცია მიმდინარე სიტუაციას უძლებს, რადგან დიდი, გლობალური ბრენდის წარმომადგენლები არიან.

"იმპორტს რაც შეეხება, უძლებს - იმის ხარჯზე, რომ დიდი, გლობალური ბრენდებია. შესაბამისად თვითღირებულება ნაკლები, ხოლო მასშტაბის ეკონომია დიდი აქვთ. მოკლედ, ეს ყველაფერი ქართულ წარმოებას არტყამს და განვითარებას ართულებს. "ორ ნაბიჯში", "ნიკორაში", რომ შეხვიდეთ, კონკრეტულ კატეგორიაში არჩევანი 2 ბრენდის გექნებათ", - აცხადებს ირაკლი ქურდაძე.

აღსანიშნავია, მსგავსი პოზიცია აქვს  "ჩირჩხელას" აღმასრულებელ დირექტორს. ირმა კვაჭანტირაძის განცხადებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სურს, თუმცა ქსელებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანაზე - კერძოდ, თითოეული სახეობის მარკეტის თაროზე განთავსებისთვის 1500 ლარია გადასახადი, რაც საკმაოდ ძვირია.

გარდა ამისა, ქსელური მარკეტების მაღალ გადასახადებზე "ბიზნესპარტნიორთანსათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "ქართული თემის დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფომ კანონი უნდა მიიღოს, რომ ქსელურ მარკეტებს 5%-ზე მაღალი "ქეშბექის" მოთხოვნის საშუალება არ ჰქონდეთ.

ცნობისთვის, „ლუდისა“ - პირველი ქართული, პრემიალური, ტალღოვანი ჩიფსია და ადგილობრივ ბაზარზე 2025 წლის მარტიდან ოპერირებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი, 3 000 000 ლარზე მეტია.

გამოგვყევით