საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ კომპანია „ალმას“ მიერ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, შედეგად კი ბოლო წლებში პრაქტიკულად გაორმაგდა კაპიტალის ბაზრის ზომა, რაშიც ეროვნული ბანკის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„შპს „ალმას“ მიერ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის. აღსანიშნავია, რომ შპს ალმა პირველი სარეკლამო კომპანიაა, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების გამოშვება დაიწყო, შესაბამისად კაპიტალის ბაზარი უფრო მრავალფეროვანი ხდება სექტორული თვალსაზრისით. ახალი დებიუტანტის დამატება თავისთავად კაპიტალის ბაზრის ნდობის ერთმნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
წელს საკმაოდ აქტიურად ვითარდება საქართველოში სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, დაახლოებით 325 მილიონი ლარი განთავსდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ასეთი აქტიურობა გაგრძელდება და საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.
ასევე ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საზედამხედველო ჩარჩო სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას და ევროკავშირის ყველა დირექტივა ამ მხრივ იმპლემენტირებულია, ეს კი კაპიტალის ბაზრის მიმართ როგორც ინვესტორების, ისე ემიტენტების მხრიდან ნდობას ზრდის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო.
გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია „ალმამ“ სადებიუტო ობლიგაციები „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.