ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად თურქმენეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო გაეროს კონფერენციაში. მინისტრის შეფასებით, საქართველოს პრემიერის ვიზიტი და აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოსვლა, სადაც ისაუბრა საქართველოს როლზე, მათ შორის, შუა დერეფანში და იმ უმნიშვნელოვანეს, უმსხვილეს პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ზრდას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან და აძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას შუა დერეფანში. მათ შორის, ნახსენები იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ასევე სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან ერთად იმსჯელა ახალ გზამკვლევზე, რომელიც ორ ქვეყანას და ქვეყნებს დააკავშირებს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.