logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოსა და ესპანეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები - ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელთან

თანამედროვე გლობალურ რეალობაში ეკონომიკური თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოების განვითარებაში. საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ურთიერთობები ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს.

მიმდინარე ტენდენციებზე, პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე "ბიზნესპარტნიორი" საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ესპანეთის სამეფოში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, ალექსანდრე ჭკუასელს ესაუბრა. მან დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

- თავდაპირველად საუბარი ზოგადი შეფასებით დავიწყოთ - როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს? როგორ ვითარდება ეს მიმართულება და რა პერსპექტივებს ხედავთ?

საქართველოსა და ესპანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც ძალიან სასიხარულოა, თუმცა თანამშრომლობის პოტენციალი გაცილებით დიდია. საქართველო არ არის მცირე სამომხმარებლო ბაზარი, ესპანური პროდუქცია იყიდება საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე. ესპანეთთან შესაძლოა საქართველო უფრო ფართო მასშტაბით თანამშრომლობდეს გამომდინარე  გეოგრაფიული მდებარეობისა და მიმზიდველი ბიზნეს გარემოს გათვალისწინებით. საქართველო არის ბიზნეს ჰაბი, რომელიც პოზიტიურ როლს ასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში ესპანური პროდუქცია რეექსპორტის სახით ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთელ რეგიონში. შესაბამისად, საქართველო ესპანეთისთვის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორია. ასევე, საქართველოსთვის ესპანეთი დიდი სამომხმარებლო ბაზარია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ექსპორტისთვის, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც რეგიონში, ისე ევროკავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართულებით.

მინდა აღვნიშნო, რომ ელჩად დანიშვნამდე, ვმუშაობდი ქალაქ ბარსელონაში როგორც საქართველოს პირველი გენერალური კონსული, სადაც თითქმის 4 წელი გავატარე და ამ პერიოდში რეგიონალურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ჩაეყარა საფუძველი არა მხოლოდ კატალონიაში, არამედ გადაფარვის ყველა რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს ბარსელონას პორტთან თანამშრომლობა, რომელიც უდიდესი ჰაბია და დამაკავშირებელია ლათინური ამერიკისა და ზოგადად, ამერიკის ევროპასთან.  საფუძველი ჩაეყარა სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობას და აღნიშნულის ფარგლებში 2022 წელს, პირველი სამუშაო შეხვედრაც შედგა. ასევე, ნიშანდობლივია ტურიზმის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ესპანეთის სხვადასხვა რეგიონთან კავშირ-ურთიერთობების გამყარება, ადგილობრივ მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მუნიციპალურ დონეზე ახალი შესაძლებლობების მოძიება და განვითარება. 

- როგორც წესი, ეკონომიკური პარტნიორობა განვითარების პოტენციალითაც ფასდება. ამ კონტექსტში საინტერესო იქნება გავიგოთ, როგორია ოფიციალური სტატისტიკა სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების თვალსაზრისით?

მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის, სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ესპანეთთან 30.4%-ით გაიზარდა და 149.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 30 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 72.8%-იანი ზრდაა, ხოლო იმპორტის მოცულობა 119.6 მლნ აშშ დოლარი, სადაც 22.8%-ით ზრდა შეინიშნება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარება  და ესპანელი ინვესტორების მოზიდვა. ამ მიმართულებით საელჩო აქტიურად მუშაობს.

- როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია დავსვათ კითხვა - რატომ უნდა აირჩიოს ესპანურმა კაპიტალმა საქართველო? ამ ჭრილში მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული უპირატესობების წარმოჩენა. რას სთავაზობს საქართველო ესპანელ ინვესტორებს, რა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა და რომელი სექტორებია საქართველოში ესპანელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი?

საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა რეგიონსა და მსოფლიოში ბიზნესის კეთებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7-ე ადგილი დაიკავა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას სტრატეგიული მდებარეობა (ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე), ჯანსაღი მმართველობა, ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, მარტივი და სერვისზე ორიენტირებული საბაჟო პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო განაკვეთები, მინიმალური ბიუროკრატია, დაბალი რისკები, მწვანე ენერგეტიკა და სამომხმარებლო ბაზარზე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, მსოფლიოს მასშტაბით, ექსპორტის შესაძლებლობა განაპირობებს. არა ერთმა ესპანურმა კომპანიამ უკვე აღმოაჩინა საქართველო, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილი და საკუთარი ბიზნესი სწორედ, ჩვენს ქვეყანაში განავითარა.

2022 წელს, ესპანეთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა იყო საქართველოში. საქართველოს ბაზარზე უკვე ოპერირებენ უმსხვილესი ესპანური კომპანიები. ესენია: FCC Aqualia, ELT Group, და Barcelo Group, რომელთაც სამომავლო თანამშრომლობის მეტად გაღრმავების დიდი ინტერესი აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთმა უმსხვილესმა საერთაშორისო საინჟინრო-არქიტეტურულმა კომპანია - IDOM-მა, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოში არსებული საიმედო და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოდან გამომდინარე, 2025 წლის თებერვალში საკუთარი წარმომადგენლობა თბილისში გახსნა და მომავალში, ბიზნესის გაფართოების კიდევ უფრო სტრატეგიული ინტერესი აქვს.

ამჟამად, საქართველოში ესპანური კაპიტალის მონაწილეობით, 114 მოქმედი კომპანიაა დარეგისტრირებული და მათი აქტივობა მოიცავს - მშენებლობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, კვების, მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებს. ცხადია, ეს არ არის საკმარისი და პოტენციალი დიდია როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ისე საინვესტიციო მიმართულებით. ისეთ სფეროებში როგორიც არის, ინოვაციები და ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ინტერესი ძალიან მაღალია. არიან კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, კომპანიების დაფუძნებით და შემდგომი თანამშრომლობით.

- ეკონომიკურ თანამშრომლობას ხშირად მოსდევს კულტურული და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავება. ამიტომ საინტერესოა ვიცოდეთ, როგორია დღეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ტურიზმის მიმართულებით კავშირი? ფიქსირდება თუ არა ვიზიტორთა მატება ორივე მიმართულებით?

როგორც აღვნიშნე, საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაციების დამაკავშირებელ ფუნქცია ასრულებდა. დღესდღეობით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორს წარმოადგენს და საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული და სასურველი ტურისტული მიმართულება ხდება როგორც რეგიონის, ისე ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა მიმართულებით არსებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. წარმატებით ვახორციელებთ ტურიზმის განვითარების სამთავრობო სტრატეგიას. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ესპანელი ტურისტების რაოდენობა მზარდია. წლებია, რაც პირდაპირი რეისები ხორციელდება ქუთაისიდან მადრიდისა და ბარსელონას მიმართულებით, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. ასევე, მზარდია საქართველოს საავიაციო ბაზარი ფრენების ახალი მიმართულებებითა და ავიაკომპანიების რაოდენობით. მოხარული ვიქნებით, თუკი უახლოეს მომავალში ესპანურ ავიაკომპანიებს ვიხილავთ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბიზნეს კავშირებს და ხალხთა შორის ურთიერთობებს გააღრმავებს.

საქართველო 4 სეზონის ტურისტული მიმართულებაა და აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ესპანელი ტურისტებისათვის. ასევე, აღსანიშნავია საქართველოს საელჩოსა და ესპანეთის ინდუსტრიისა და ტურიზმის სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროში ორმხრივ აქტიურ კომუნიკაციას. ეს ორმხრივი მემორანდუმებით და შეთანხმებებით მყარდება.

ესპანეთი თითქმის 48 მლნ-იანი ქვეყანაა და შესაბამისად, მათი საქართველოში სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა სამთო-სათხილამურო მიმართულება, რაც საქართველოში საკმაოდ განვითარებულია. ასევე, მათთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენები, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.

- რამდენად გაზარდა ესპანელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ ბოლო წლებში? ვაქვს თუ არა ზრდადი ტურისტული ნაკადი ესპანეთიდან?

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ესპანეთიდან 7 945 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25.9%-ით აღემატება. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ესპანელი ტურისტებისთვის მიმზიდველი როგორც სამთო-სათხილამურო მიმართულება, ასევე კულტურა, გასტრონომია, ქართული ღვინო. სასიხარულოა, რომ ქართული გასტრონომია სულ უფრო პოპულარული ხდება ესპანეთში და შესაბამისად, თამამად, შეიძლება ითქვას, რომ ესპანელების გული და გემოვნება ქართულმა გასტრონომიამ და კულტურამ უკვე დაიპყრო.

აღსანიშნავია, ქართული ღვინის მიმართ მზარდი ინტერესი. განსაკუთრებით, ქვევრის ღვინის და ღვინის ტრადიციულად დაყენების მიმართულებით.

- მოთხოვნის ზრდასთან ერთად ჩნდება საჭიროება უფრო აქტიური პიარისა და საერთაშორისო კამპანიების განხორციელებისა. რა ნაბიჯებს დგამს საელჩო, ან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანურ ბაზარზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით? და არის თუ არა დაგეგმილი ერთობლივი ტურისტული კამპანიები, ან სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც ტურისტულ ნაკადებს წაახალისებს?

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში აკრედიტებულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და მსოფლიო მასშტაბით დარგის განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან. აღსანიშნავია, რომ საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლებია მადრიდში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში - FITUR Madrid-ში იღებს მონაწილეობს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართულ კულტურას, გასტრონომიას და ღვინოს. ამავე გამოფენის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები და მონაწილე კომპანიები შეხვედრებს მართავენ წამყვანი ესპანური და საერთაშორისო  კომპანიების წარმომადგენლებთან. ასევე, იმართება B2B შეხვედრები, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები უცხოელ კოლეგებს ხვდებიან და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს FITUR Madrid-ის გამოფენაში. ასეთი ღონისძიება, ცხადია, ხელს უწყობს მეტი კონტაქტების დამყარებას და ტურისტების მოზიდვას. მაგალითად, წელს გამოფენაში 152 ქვეყანა და 10 000-მდე კომპანია მონაწილეობდა,  ჯამში 153 ათასზე მეტი ვიზიტორით.

ასევე, ხელს ვუწყობთ ესპანელი ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტებისა და ბლოგერების ვიზიტებს საქართველოში. დღესაც კი, საქართველოში იმყოფებიან ბლოგერები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული კულტურით.

- როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირდაპირი ავიამიმოსვლა, რომელიც პრაქტიკულად განსაზღვრავს ტურისტული ნაკადების ზრდის ტემპს. რამდენად დგას დღის წესრიგში პირდაპირი რეისების ზრდა?

აქტიურად ვმუშაობთ ესპანურ ავიაკომპანიებთან საქართველოში შემოსვლისა და დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების კუთხით. აქტიურად ვმუშაობთ, რათა უახლოეს მომავალში საქართველოში ესპანური ავიაკომპანიები ვიხილოთ. მაგალითად, Iberia ან დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანია Vueling-ი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბიზნეს კავშირებსა და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

- ცხადია, ეკონომიკური თანამშრომლობა მხოლოდ ტურიზმით არ შემოიფარგლება. საელჩოები აქტიურად მუშაობენ ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებაზე. რას აკეთებს საელჩო ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით? რა პროექტები, ან ინიციატივებია დაგეგმილი ორ ქვეყანას შორის უახლოეს მომავალში?

არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ზოგჯერ არაპროგნოზირებადი გართულებების პირობებში, საქართველოს ეკონომიკა საოცარ მდგრადობას ინარჩუნებს. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების წყალობით ქვეყანამ წარმატებით დაძლია გარე შოკები და შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. საერთაშორისო რეიტინგებით საქართველო ტოპ რეფორმატორია. ქვეყანაში განხორციელდა მრავალი რეფორმა როგორც ინსტიტუციური, ისე მარეგულირებელი გარემოს დახვეწის კუთხით. გარდა ამისა, ორმხრივი და საერთაშორისო ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, საქართველო ახორციელებს რეგიონალური მნიშვნელობის მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს -  მათ შორის, რკინიგზის მოდერანიზაციის პროექტს, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ახალ ლოგისტიკურ ცენტრებს. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის მთლიან სიმძლავრეს და გააძლიერებს მის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პოტენციალს. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ესპანეთის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან, ასევე კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა ახალი ინიციატივები შევთავაზოთ, რომ ერთად განვიხილოთ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავების ეფექტური გზები. მუდმივად ხდება ინფორმაციის მიწოდება ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და ეკონომიკური გარემოს თაობაზე.

ადგილობრივ მედია სივრცეში პერიოდულად იბეჭდება სტატიები. მიმდინარე წლის მაისის თვეში ესპანეთის სამეფოს დიპლომატიის აკადემიის მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალი გამოიცა. პირველად ესპანურ ენაზე სრულად მიეძღვნა საქართველოს. ჟურნალი წარმოაჩენს ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებს და ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას. ნიშანდობლივია, რომ ჟურნალი Diplomacia სამეფო ოჯახის პატრონაჟით გამოიცემა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პლატფორმაა დიპლომატიურ სამყაროში. ჟურნალის აუდიტორია მოიცავს ესპანელ და ლათინური ამერიკის ქვეყნების დიპლომატებს, მთავრობებს, კულტურის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ესპანეთის სამეფო სახლს, უნივერსიტეტებს, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც ხელს უწყობს ესპანურენოვან ქვეყნებში ჩვენი ქვეყნის მეტად პოპულარიზაციას.

- ამ პროცესში, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სავაჭრო პალატები და ბიზნეს ასოციაციები. როგორია ურთიერთობა ესპანეთის სავაჭრო პალატებთან და ბიზნეს ასოციაციებთან?  როგორ შეუძლიათ ქართველ მეწარმეებს ხელი შეუწყონ ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებს?

ამჟამად, საქართველოსა და ესპანეთის სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთობა არ არის ინსტიტუციურად მტკიცედ ჩამოყალიბებული. ეს აჩენს დიდ შესაძლებლობებს კერძო სექტორისა და საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, ამ მხრივ საინტერესო გეგმები გვაქვს.  ეროვნული და რეგიონალური სავაჭრო პალატების გარდა ასევე, ვგეგმავთ ბიზნესის მხარდამჭერ სხვა ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობას. მათ შორის, ესპანეთის ბიზნეს  ორგანიზაციების კონფედერაცია, საკვები ინდუსტრიის ფედერაცია, ესპანეთის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო. გვინდა, საელჩო ქართველ მეწარმეებსა და ესპანურ ასოციაციებს შორის შუამავალი იყოს და ხელი შევუწყოთ ერთობლივი, ქართულ-ესპანური ბიზნეს პლატფორმების შექმნას და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას.

- გარდა ოფიციალური ორგანიზაციებისა, ხშირად დიასპორა აქტიურ როლს ასრულებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაში. რამდენად აქტიურია ქართული დიასპორა ესპანეთში ბიზნეს საქმიანობით?

სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ქართული დიასპორა ესპანეთში მცირეა, თუმცა ბოლო წლებში მისი ზრდა შეინიშნება როგორც რაოდენობრივად, ისე ეკონომიკური საქმიანობით. დღეისათვის, ქართველი მეწარმეების ბიზნეს აქტივობა ჯერ კიდევ სეგმენტურ ხასიათს ატარებს. მათ შორის, გამოირჩევა კვების სექტორი, მცირე ლოგისტიკური მიმართულება, ადგილობრივ ბაზარზე გათვლილი ვაჭრობა. ვფიქრობ, ესპანეთში კარგად ორგანიზებული ბიზნეს ასოციაციებით და ქსელური გაძლიერებით ქართულ დიასპორას ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით, უფრო ფართო პლატფორმის შექმნა შეუძლია. ამ მიმართულებით არსებულ ინიციატივებს საელჩო, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს.

- და ბოლოს, სად უნდა ვეძებოთ განვითარების მთავარი ფოკუსი? სად ხედავთ მთავარ პოტენციალს საქართველოსა და ესპანეთის ეკონომიკურ თანამშრომლობაში შემდეგი 5 წლის განმავლობაში?

ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განვავითაროთ და ის პოტენციალი ავითვისოთ, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულად მესახება - განსაკუთრებით რეგიონალური პოლიტიკის, სექტორული მოთხოვნების და ეკონომიკური დინამიკის გათვალისწინებით.

გამოვყოფ იმ მიმართულებებს, სადაც თანამშრომლობის ყველაზე დიდი პოტენციალი გვაქვს. პირველ რიგში, დავასახელებ ტურიზმის სექტორს, რადგან ესპანეთი ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული ტურისტული ბაზარია მსოფლიოში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნებოდა გამოცდილების გაზიარების და ინვესტიციებისა და მომსახურების სტანდარტების მხრივ. გარდა ამისა, ესპანური ტურისტული ბრენდები, მათ შორის, Melia, Barcelo და Riu Hotels, შესაძლოა, დაინტერესდნენ საქართველოში სასტუმრო ქსელის გაფართოებით. Barcelo უკვე წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე და წარმატებით ასრულებს საქმიანობას.

ტურიზმის გარდა, კარგი პოტენციალი აქვს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას. ორივე ქვეყანა ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას მიჰყვება. ესპანეთი უკვე ლიდერია მზისა და ქარის ენერგიის მიმართულებით. საქართველოს კი მდიდარი ჰიდრო რესურსები და მზარდი ინტერესი აქვს მზის ენერგიის განვითარებაში.

ასე, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში - ტურიზმი, მწვანე ენერგია, საკვების ექსპორტი და ციფრული სექტორი იქნება ის ძირითადი სფეროები, სადაც ორივე მხარემ შეიძლება სარგებელი მიიღოს.

გამოგვყევით