"ღვარძელაშვილის მარანი", რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარეობს საექსპორტო ხაზს გაზაფხულიდან იაპონიის მიმართულებით აფართოებს.
როგორც ღვინის მარნის დამფუძნებელი, გიორგი ღვარძელაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, იაპონური ბაზარი მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტია და ბიო ღვინის მიმართულება განსაკუთრებით აინტერესებთ.
ამასთან, მეღვინე ხაზს უსვამს, რომ "ღვარძელაშვილის მარნის" მთავარი ნიშა სწორედ ბიო ღვინოა.
"ექსპორტის გაფართოების ჭრილში, ამჟამად მოლაპარაკებები იაპონიასთან მაქვს. კერძოდ, ნიმუშები უკვე გავაგზავნეთ და დიდი დაინტერესება გამოიწვია. უცხოური ბაზრის მონიტორინგს ვაწარმოებთ, ამავდროულად პარტნიორებთან ფასების დიაპაზონზე ვთანხმდებით. ევროპის ხაზით 8 ქვეყანას მოვიცავთ ( აშშ, გერმანია, ინგლისი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და ავსტრალია), აზიის მიმართულებით წარმოდგენილი, ჯერჯერობით, არ ვარ და მინდა ექსპორტი იაპონიის კუთხით გავზარდო.
კონკურენციას, რაც შეეხება, არახალია, რომ იაპონიაში ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ როგორც უკვე, აღვნიშნე ბიო ღვინოს ვაწარმოებ, რაც მათთვის საინტერესო სფეროა, ამავდროულად ჩემი იაპონელი კლიენტები მყავს და ვიცი, რაც სურთ... ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბიო ღვინით დიდ ინტერესს გამოთქვამენ! რამდენჯერმე უცხოელმა პარტნიორებმა მითხრეს, რომ დოკუმენტური ფილმის გადაღებაც კი უნდათ, თუ როგორ უვლიან საქართველოს მასშტაბით ბიო ვენახს. საერთო ჯამში, რომ შევაჯამო როგორც ბიო ღვინო, ასევე ბიო პროდუქტი იაპონელებს განსაკუთრებით მოსწონთ. შესაბამისად, გაჩერება არ შეიძლება, აღნიშნული სეგმენტი უნდა მოვიცვათ", - აღნიშნავს გიორგი ღვარძელაშვილი.
გიორგი ღვარძელაშვილი წარმადობის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია წელიწადში 8 000-ს ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
"ბიო მეღვინე ვარ, აღნიშნული მიმართულება ჩემი ნიშაა... 8 000-ს ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, საიდანაც 70% ექსპორტზე გადის, ხოლო 30% უშუალოდ მარნის ობიექტზე მოსული ტურისტები იძენენ. ტურისტების მიმართულებას, რაც შეეხება - ევროპელი ტურისტების რაოდენობამ იკლო, აზიელი ვიზიტორები, განსაკუთრებით ინდოელები მრავლად არიან. 8 000 ბოთლი ღვინიდან ბიო მიმართულება პროცენტულად ყველაზე დიდია", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, "ღვარძელაშვილის მარნის" ღვინო ექსპორტზე, 8 ქვეყანაში იყიდება. ესენია: აშშ, გერმანია, ინგლისი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და ავსტრალია. მარანი ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს. ექსპორტზე კი 2018 წლიდან გადის.
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს - საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.