ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში სახელწოდებით „კიბერუსაფრთხოების/ინფორმაციის უსაფრთხოების სერთიფიკატის მიღება და დისკუსიები ენერგეტიკული სააგენტოებისთვის,“ რომელიც ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა (ესკო) და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული ჯგუფის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. საკონსულტაციო-საინფორმაციო დისკუსიაში დონორი პარტნიორები, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინგა ფხალაძემ თავის შესავალ სიტყვაში ისაუბრა მთავრობის პოლიტიკის როლზე ენერგეტიკის სექტორის უსაფრთხოებაში, ასევე კიბერუსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობაზე ელექტროენერგიის, გაზის ბაზრებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურისთვის. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა
მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და ესკოსთვის ISO 27001 სერტიფიკატის მინიჭებას თანამედროვე გამოწვევების მიმართ მზაობისა და საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფისთვის.
„ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს კიბერუსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია ენერგეტიკის სექტორის დაცვაში, მაგრამ კიბერუსაფრთხოება მუდმივად ცვალებადი სამიზნეა - რაც უფრო იზრდება საქართველოს როლი გაზითა და ელექტროენერგიით რეგიონულ ვაჭრობაში, მით უფრო იზრდება ჩვენი პასუხისმგებლობა იმ სისტემების დაცვაზე, რომლებიც ამ პროცესს უზრუნველყოფენ“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი – ეს არის ეროვნული მდგრადობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და რეგიონული სანდოობის ქვაკუთხედი.
შეხვედრაზე ესკოს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციითა და დისკუსიის პროცესში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კომპანიის დაცულობისა და სანდოობის გაზრდის მიმართულებით კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვისათვის ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ. ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტმა, ერჰან გორმენმა პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და თვალსაჩინო მაგალითებით ახსნა თანამედროვე მსოფლიოში კიბერდაცულობისა და კიბერშეტევის პრევენციის მნიშვნელობა ნებისმიერი სექტორისათვის, განსაკუთრებით კი ისეთ სტრატეგიულ სფეროში, როგორიც ენერგეტიკაა. საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიებისათვის დახმარების მზადყოფნა გამოხატა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის ხელმძღვანელმა ფლორიან კიტმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის ენერგეტიკულ მისიასთან თანამშრომლობით გატარებული წარმატებული ღონისძიებებისა და განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად, საქართველოს ენერგოკომპანიებს შორის პირველს მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტის — ISO 27001 სერტიფიკატი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ESCO შეტანილია პირველი კატეგორიის საინფორმაციო სისტემების მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალში, რაც ითვალისწინებს ინფორმაციული უსაფრთხოების და ხარისხის მართვის მოქნილი სისტემების დანერგვას, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და ორგანიზაციის მზაობას კიბერშეტევების პრევენციისა და მათზე ეფექტური რეაგირებისათვის.