დღეს, 28 ნოემბერს, IWSC-ის კომპეტენტური ჟიური ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსან ღვინოებს გამოავლენს. ჟიურის წევრებმა ქართული ღვინო უკვე დააგემოვნეს, უკეთ გაეცნენ როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ნიმუშებს, შეაფასეს მათი უნიკალური ნიშან-თვისებები და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. IWSC კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრებმა შეაფასეს აჭარის მეღვინეობების მიერ წარმოდგენილი ღვინოები და გაეცნენ მათ უნიკალურ ნიშან-თვისებებს.

IWSC- ის მსაჯები ასევე იმყოფებოდნენ ქედაში, ჩხაველი - ის საოჯახო მარანში, მოინახულეს საოჯახო მეურნეობა, დააგემოვნეს ღვინოები და პირადად გაეცნენ ოჯახის უნიკალურ სტილსა და ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს. მსგავსი ვიზიტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს მცირე საოჯახო მეღვინეობებისთვის, ისინი ზრდიან საერთაშორისო ცნობადობას და ხსნიან გზას გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ.
აღსანიშნავია, IWSC საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში იმართება, რაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემს შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.

IWSC-ის ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად არიან საერთაშორისო ჟიურის წევრები, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.
ქართველ მსაჯებს შორის არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და უფროსი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი დარია ხოლოდილინა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მეორე წელია, რაც მეღვინეებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.
„IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ კონკურსი საქართველოში ტრადიციად იქცა, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი და ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. მეწარმეებისთვის ეს არის მეტი შესაძლებლობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად და ექსპორტის გასაზრდელად,“ - აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

კონკურსის საზეიმო დაჯილდოებას აჭარა 28 ნოემბერს უმასპინძლებს და მედალოსანი ღვინოები გამოვლინდება. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე.
ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, სპონსორები: მეღვინეობა თელიანი ველი, ბოლერო, ნაბერაული
პარტნიორები: თავადური ბათუმი, იმერული ღვინის ასოციაცია
მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ჯეპრა
მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur