ქართული დიზაინერული ბრენდი „კდემა“ ესპანეთის ბაზარზე გავიდა. როგორც ბრენდის თანადამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა ანი ჯვარიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ბილბაოში მდებარე კონცეპტუალურ სივრცეში "კდემას" კოლექციის გაყიდვა აქტიურად მიმდინარეობს.
მისი ინფორმაციით, „კდემა“ საერთაშორისო ბაზარზე ნაწილობრივ უკვე ოპერირებს - ბრენდი წარმოდგენილია Etsy-ზე და ბრენდის სამომავლო გეგმებში Amazon-ზე გასვლაც შედის.
ანი ჯვარიძის თქმით, ამ ეტაპზე გაყიდვების დაახლოებით 80% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 20% — საერთაშორისო ბაზრებზე მოდის.
"რა თქმა უნდა, გვსურს, რომ უფრო მეტად გავფართოვდეთ. ჩვენი სამიზნე ბაზარი ევროპული ქვეყნებია და აღნიშნულზე აქტიურად ვიმუშავებთ. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზეც გვინდა საკუთარი მაღაზიის გახსნა, თუმცა აღნიშნულზე დეტალების თქმა ჯერჯერობით არ შემიძლია.
წინა წლის ტენდენციებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია", - აცხადებს ანი ჯვარიძე.
მისივე ინფორმაციით, ახლახან განხორციელებული რედიზაინის ფარგლებში ბრენდმა სრულად განაახლა ვიზუალური იდენტობა, მათ შორის ლოგო და სტილი, რაც კომპანიის შეფასებით, მნიშვნელოვანი ეტაპია ბიზნესის ზრდის პროცესში.
"კდემა" 2022 წელს დაფუძნდა. ბრენდის ძირითადი პროდუქცია ჩანთებს მოიცავს, თუმცა კომპანია ასევე აწარმოებს ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს. წარმოება სრულად საქართველოში ხორციელდება და ყველა პროდუქტი მათივე დიზაინის მიხედვით იქმნება.
ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ნედლეულის არჩევისას „კდემა“ ძირითადად ეკომეგობრულ ტყავს იყენებს, თუმცა მომხმარებლის სურვილისა და პროდუქტის სპეციფიკის მიხედვით, ნატურალურ ტყავსაც. მათ შორის, ფეხსაცმლის შემთხვევაში ბრენდი ნატურალურ ტყავს იყენებს. აღსანიშნავია, რომ "კდემა" ნედლეულს ადგილობრივი მომწოდებლებისგან იღებს, რომლებსაც აღნიშნული უცხოეთიდან შემოაქვთ.
ამ ეტაპზე, ბრენდს საკუთარი ატელიე არ აქვს და მოდელების შექმნაზე ინდივიდუალური მკერავები თავიანთ სამუშაო სივრცეში მუშაობენ. სამომავლოდ კი, „კდემა“ საკუთარი ატელიეს გახსნას გეგმავს, თუმცა ამჟამად, პროექტი განხილვის ეტაპზეა.