logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ყაზახეთში ტრანზიტული ტვირთით სავსე მანქანები გაგვიჩერეს, 56 ტრაილერია გადაყვანილი საჯარიმოზე" - ქართველ გადამზიდავებს ახალი გამოწვევა აქვთ

ქართველ გადამზიდავებს ახალი გამოწვევა აქვთ -  ამჟამად, 60-მდე ქართული სატვირთო ტრაილერი ყაზახეთში, საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი აცხადებს, ყაზახეთის სახელმწიფომ ცალმხრივად მიიღო ახალი კანონი, რომელიც ტვირთების გადაზიდვას ეხება და შუა დერეფანში მონაწილე ქვეყნების გადამზიდავებს გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნის.

ნამადოვის თქმით, ახალი კანონის თანახმად, ტვირთის  ყაზახეთამდე ჩატანა უნდა უზრუნველყოს იმ ქვეყნის ტრაილერმა, რომელმაც ტვირთის გადაზიდვა დაიწყო.  რეგულაციის შესაბამისად,  ყველა ქართული მანქანა გააჩერეს და კურიკის პორტში საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. 

მიხეილ ნამადოვის ინფორმაციითვე, ყაზახური მხარე ითხოვს საჯარიმო სანქციებს თითო სატრანსპორტო საშუალებაზე 2000 დოლარის ოდენობით და საქართველოში ტვირთის უკან დაბრუნებას.

„მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან კურიკის პორტში(ყაზახეთი) გაგვიჩერეს ტრანზიტული ტვირთით დატვირთული მანქანები. დღევანდელი მდგომარეობით, 56 ქართული ტრაილერია გადაყვანილი საჯარიმოზე. როგორც იცით, შუა დერეფნის გამოყენება, სატრანზიტო ტვირთების შეუფერხებლად მოძრაობისა და პროცესების გამარტივებისთვის, საერთაშორისო პრაქტიკაა. ამ შემთხვევაში, ყაზახურმა მხარემ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება დაბლოკოს და მის ტერიტორიაზე არ გაატაროს ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ არის რეგისტრირებული ტვირთის წარმოშობის ქვეყანაში, ან გვთავაზობენ მეორე ვარიანტს: საქართველოდან ტრანზიტული ტვირთის გატანა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილით, რომელ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილიც შემოიტანს ტვირთს საქართველოში. პირობითად, თუ გერმანული ტრაილერი ჩამოვიდა, ისევ გერმანულმა ტრაილერმა უნდა ჩაიტანოს ყაზახეთამდე ტვირთი. ეს, თავის მხრივ, საქართველოს ტვირთბრუნვას უქმნის სერიოზულ საფრთხეებს, თუმცა მხოლოდ საქართველოს არა, მთლიანად შუა დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებსაც. ვფიქრობ, ახალი კანონი თავად ყაზახეთსაც შეუქმნის ლოგისტიკურ პრობლემებს, რადგან ყაზახური ტრაილერები ვერ აუვა იმ მოთხოვნას, დღეს რაც არსებობს ტვირთების გადაზიდვაზე“, - განმარტა მიხეილ ნამადოვმა.

მისივე თქმით, Kairos Logistics-მა ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მიმართა სახელმწიფო უწყებებს. ნამადოვი იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები მალევე ჩაერთვებიან ამ პროცესში, ვინაიდან, მისივე შეფასებით აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მაღალ დონეზეა საჭირო.

გამოგვყევით