logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"პენდანტი" ახალი სტენდის გახსნას გეგმავს - ინვესტიცია, დაახლოებით, ₾45 000-ს შეადგენს

გეგმაშია ახალი ფილიალის დამატება, თუმცა სად ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით. უკვე დასრულებული ახალი სტენდის ინვესტიცია, დაახლოებით, 45 000 ლარი გახლავთ, - ამის შესახებ საიუველირო მაღაზია "პენდანტის" წარმომადგენელმა გიგა ნებიერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე, არსებული ფილიალების ახლით ჩანაცვლებას ახორციელებს.

"პენდანტი" გარდა ასორტიმენტის გაზრდისა, ამ ეტაპზე დაწყებული გვაქვს ძველი სტენდების ახლით ჩანაცვლება. მაგალითად, საბურთალოს "სითი მოლის" ფილიალში უკვე დაიდგა ახალი, ძალიან ლამაზი და გამორჩეული სტენდი და ასევე, ეს უნდა მოხდეს დანარჩენ ფილიალებშიც ეტაპობრივად, რომ სრულად განახლდეს "პენდანტი", - აცხადებს გიგა ნებიერიძე.

მანვე აღნიშნა, რომ "პენდანტის" სამკაულზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის გაყიდვები მცირედით გაიზარდა.

"მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან, თუმცა გვყავს უცხოელებიც. "პენდანტის" ყველა სამკაულის სახეობა, მათ შორის, ყელსაბამი, საყურე, პირსინგი, ბეჭედი და ზოგადად სრული ასორტიმენტი გაყიდვადია და ძნელია ცალკეული პროდუქტის გამოყოფა, რადგან თავის მხრივ ყველა სახეობა გამორჩეულია. მაგალითად, ყელსაბამის დიზაინები უნიკალურია, ისევე როგორც სამაჯურები. გარდა ამისა, გვაქვს პირსინგების დიდი არჩევანი საუკეთესო ზომით და მასალით, რაც განაპირობებს სამკაულის მოთხოვნას და ა.შ.

გარდა ამისა, ჩვენ დავამატეთ ოქროს სამკაულების ხაზი, მაგრამ მცირე რაოდენობით, ამიტომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ზრდის ეტაპზე ვართ. მეტი აქცენტი გვაქვს როდირებულ ვერცხლზე და წლიდან წლამდე, ვზრდით რაოდენობას.  ძირითადი გაყიდვები ფიზიკურ მაღაზიებშია, თუმცა ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძალიან მარტივია სამკაულის შეძენა და ამასაც ეჩვევა მომხმარებელი. როგორც იცით ასევე "ვოლტისა" და "გლოვოს" პლატფორმებზე ვართ წარმოდგენილი.

ექსპორტზე გასვლას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ. ზოგადად წლის მანძილზე პერიოდულად ვამატებთ ახალ კოლექციას, ასორტიმენტი იზრდება და იხვეწება, თუმცა სამკაულის გარდა სხვა ახალი პროდუქტის დამატება არ იგეგმება, რადგან სამკაული საკმაოდ დიდი სფეროა და ამ მიმართულებას მივყვებით”, - აცხადებს გიგა ნებიერიძე.

ცნობისთვის, საიუველირო მაღაზია "პენდანტი" ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. ამ დროისთვის კომპანიას ბრენდული მაღაზია ბათუმში აქვს, ხოლო თბილისში და რუსთავში, ჯამში 6 სტენდი. კომპანიაში დასაქმებულია 17 ადამიანი. კომპანია ნედლეულს ჩინეთიდან და თურქეთიდან იღებს. გარდა ამისა, ნაწილი პროდუქციის წარმოება ჩინეთსა და თურქეთში ხდება, ნაწილის - საქართველოში. გარდა ამისა, "პენდანტი" კონკრეტულ ქარხანასთან თანამშრომლობს, სადაც პროდუქცია კომპანიის დიზაინით იწარმოება.

გამოგვყევით