logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"როგორ შეუძლია მოიპოვოს ორგანიზაციამ ₾200 000-მდე სახელმწიფო გრანტი" - დეტალები

მცირე გრანტების საჯარო კონკურსში არაკომერციულ, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს (ააიპ) შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმუმ 2 საგრანტო განაცხადი წარადგინონ. თითოეული პროექტის ბიუჯეტი 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2-ის შემთხვევაში — ჯამურად 200 000 ლარს.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, თამარ ზოდელავა აღნიშნავს, კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ.

"ეს მცირე გრანტების საჯარო კონკურსია, რომელსაც წელიწადში 2-ჯერ ვაცხადებთ. კერძოდ, 1 განაცხადის ბიუჯეტი 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ 2 საგრანტო წინადადება გამოგზავნოს. ამიტომ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს   2 სხვადასხვა იდეა ჰქონდეს, შესაბამისად, მთლიანი ბიუჯეტი 2-ის შემთხვევაში 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირია (ააიპი), რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში საგრანტო განაცხადით შეუძლია მოგვმართოს", - აღნიშნავს თამარ ზოდელავა.

სახელმწიფო მართვის სააგენტოს თავმჯდომარე კონკურსის, სხვადასხვა, მიმართულების შესახებ დაწვრილებით საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პლატფორმა ძალიან მრავალფეროვანია და ბევრ სეგმენტს მოიცავს.

თამარ ზოდელავას განმარტებით,  განისაზღვრა სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და  და მიზნობრივი პროგრამები. შესაბამისად,  თუ მიღებული განაცხადი მიზნობრივ პროგრამას არ პასუხობს, პრიორიტეტში აუცილებლად ჩაჯდება. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა დაინტერესებული პირებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რათა პრიორიტეტულ მიმართულებას ფართო კუთხით შეხედონ. 

"პრიორიტეტი და მიზნობრივი პროგრამა ძალიან ფართო ფორმით ჩამოყალიბდა. კერძოდ - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, გარემოს დაცვა, ეკონომიკის განვითარება, რეგიონალური განვითარება, მოკლედ, ძალიან დიდი ჩამონათვალია. ფაქტობრივად, მიმართულება არ დავტოვეთ, რაც პრიორიტეტულ მიმართულებაში და მიზნობრივ პროგრამაში განსაზღვრული არ არის.

საჯარო კონკურსის გამოცხადებისთანავე ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით, რომ ყველა განაცხადის ფორმა დამტკიცებული ყოფილიყო, ამიტომ სტანდარტიზებული ფორმები გვაქვს. აღნიშნული დანართი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ სააგენტოს სოციალური ქსელის (Facebook) ოფიციალურ გვერდზე მოიძიონ - "სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო". შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ჩამოტვირთონ და ნახონ როგორც საჯარო კონკურსის პირობები, ასევე კონკრეტული დანართები, რომელიც უნდა შეავსონ და სავალდებულოა, რომ წარუდგინონ სააგენტოს, რათა მსჯელობა გაიმართოს და საბჭომ გადაწყვეტილება მიიღოს", - აცხადებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე.

თამარ ზოდელავას ინფორმაციით, მცირე გრანტების საჯარო კონკურსში მოხვედრის შესაძლებლობა, როგორც უკვე არსებულ, ასევე ახლად შექმნილ ორგანიზაციებს თანაბრად აქვთ.

"რადგანაც ახალ ინიციატივაზე ვსაუბრობთ - გვინდა ორგანიზაციებს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.  ხაზგასმით ვამბობ, რომ სააგენტოს საქმიანობა და გადაწყვეტილების მიღების პრინციპები ობიექტურობას, გამჭვირვალობას ეფუძნება. ამ პრინციპების დაცვით მთლიანი პროცესების წარმართვას უზრუნველყოფთ. სააგენტო მონიტორინგის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას აუცილებლად განახორციელებს", - აღნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე.

ამასთან, თემის მნიშვნელოვანი აქცენტია - მცირე გრანტების საჯარო კონკურსში განაცხადების მიღება 11 აგვისტოს დასრულდება, ხოლო კონკურსის სრული ბიუჯეტი ₾20 მლნ-ია.

"11 აგვისტოს დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში საბჭო დაფინანსება არ დაფინანსების შესახებ იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. შემდეგ საბოლოო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდება", - ამბობს თამარ ზოდელავა.

ცნობისთვის, 2025 წლის 18 ივლისს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების“ შესაბამისად იმოქმედებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით.

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. სააგენტო ახალი სსიპ-ია.

გამოგვყევით