რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარე, ღვინის მარნის "ველეულას" პროექტ მენეჯერის, ნინო მღებრიშვილის ინფორმაციით, ამჟამად, ტურისტულ ობიექტს ბიო ღვინის დამზადების რესურსი არ აქვს, რადგან აღნიშნული მიმართულების წარმოებისას - განსხვავებული ტექნოლოგიებია საჭირო.
როგორც მარნის პროექტ მენეჯერი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ქვეყნის მასშტაბით ბიო ღვინის მიმართულებით, სხვადასხვა ფესტივალები იმართება, რაც მომხმარებლებში მის პოპულარობას ყოველწლიურად ზრდის.
"ბიო ღვინის დამზადების რესურსი არ გვაქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ, რასაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა შეუძლია. მოგეხსენებათ, ბიო ღვინის წარმოებისას - დიდი გამოცდილება, შრომა, განსხვავებული ტექნოლოგიაა საჭირო. უნდა ვაღიარო, როდესაც კომპანია ამ ხაზის მიმართულებით ვითარდება, ვენახის მოვლაში უზარმაზარ შრომას დებს. კერძოდ, ყურძნის მოვლა, ღვინის წარმოება მსგავსი მიმართულების დროს სპეციფიკურია, დამატებით ბიო ღვინოს "თავისებურებები" აქვს. ვგულისხმობ, შრომასთან შედარებით მიღებული ნედლეული მცირეა.
რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, ბიო ღვინის მიმართ მოთხოვნა მუდმივად მზარდია, მომხმარებლები ყოველწლიურად სულ უფრო ინტერესდებიან, თუმცა ჩვენ რადგან არ ვაწარმოებთ, მოთხოვნის პროცენტულად ციფრებში გამოსახვა გამიჭირდება", - აცხადებს "ველეულას" წარმომადგენელი.
ნინო მღებრიშვილი რაჭაში მიღებული ყურძნის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანიას წელს კარგი მოსავალი ჰონდა. მისივე თქმით, ღვინის მარანი წელიწადში დაახლოებით, 10 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
"წელს ზოგადად ძალიან კარგი რთველი გვქონდა. ამასთან, ინფორმაციულ კამპანიებს ხშირად ვატარებთ, რომ მომხმარებლები დავაინტერესოთ, ღვინის "ივენთებიც" ხშირად გვაქვს. რაჭა ზოგადად, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვის ძალიან საინტერესო ადგილი გახდა", - აცხადებს მარნის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ღვინის მარანი "ველეულა" რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს.
კომპანიას საკუთარი ვენახები ძირაგეულში და საკეციაში აქვს, რომლის ფართობი 2 ჰექტარს მოიცავს. "ველეულა" ადგილწარმოშობის ღვინოს ხვანჭკარას ამზადებს. ამასთან, ტურისტულ ობიექტს "ალექსანდროული", "ძელშავი" რაჭული "თეთრა", "საფერავი" და "ცოლიკაური" აქვს.