ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ორგანიზებით, აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ღვინის ფესტივალ Boston Wine Expo-ზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად.
წარდგენა მოიცავდა დეგუსტაციას და მასტერკლასს.
დეგუსტაციას ღვინის მომხმარებლები, ასევე HoReCa, კომერციული და მედია სექტორების წარმომადგენლები დაესწრნენ. სადეგუსტაციოდ ქართული ღვინის მწარმოებელი 10-მდე კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ბოსტონის ღვინის გამოფენის ფარგლებში გამართულ მასტერკლასს 30 სტუმარი დაესწრო. საქართველოს მეღვინეობის კულტურის, ისტორიის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა ერიკა ფრეიმ (Erika Frey) წარადგინა.
ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები კომპანიებთან - Colangelo & Partners-ი და Glodow Nead Communication-ი გააფორმა.
აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, რაც გულისხმობს: სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარებს ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მიზნობრივ სარეკლამო და მედია კამპანიებს; ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში მოეწყობა ღვინის ტურები; გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.