განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორი გაჯანსაღებას საჭიროებს.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში მაია მელიქიძე აღნიშნავს, გენერაციამ ეკონომიკის განვითარებას უნდა გაუსწროს.
მისივე თქმით, დღეს სექტორში გარკვეული სახის გამოწვევები არსებობს, რაც ძირითადად უფრო მკაფიო და მკვეთრ სტრატეგიას უკავშირდება.
"რეალურად მართვის ახალ სისტემაზე გადავდივართ. კერძო სექტორმა უნდა მოიტანოს ფული, ინვესტიციებს ვგულისხმობ, პროფესიონალები დაასაქმოს, ძალიან ბევრი კითხვაზე პასუხი უნდა მივიღოთ. დღეს რაც გვაკლია უფრო მკაფიო და მკვეთრი სტრატეგიაა. გასაგებია, რომ დარეზერვებული სიმძლავრეების გამოთავისუფლება მოხდა, შემდეგი ეტაპი მიერთებებთან იქნება დაკავშირებული, ამასთან ამ ყველაფერს მესამე ტალღა ჰქონდეს არ გამოვრიცხავ. აღნიშნული საშუალებებით საბოლოო ჯამში, ე.წ. ველი მოსუფთავდება და შემდეგ უნდა მოხდეს ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც არა მარტო, ხელშეკრულებებია, არამედ აშენებული პროექტები - რაც ძალიან გვჭირდება. წელს ზაფხულში პირველად მოხდა, როდესაც ენერგეტიკის მოხმარების უზარმაზარი მაჩვენებელი გვქონდა და იძულებული ვიყავით, იმპორტი განგვეხორციელებინა. ამ ყველაფერს ვერ გავექცევით, მომავალ წელსაც არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი დღეები გვქონდეს.
იმისათვის, რომ შედეგამდე მივიდეთ, მნიშვნელოვანია დიალოგი, ხიდების აგება, უბრალოდ დროა ძალიან კრიტიკული. ვფიქრობ, 2012 წლიდან 10 წელიწადზე მეტია გასული და როდესაც პროექტების გადავადება მოხდა, ამ ეტაპამდე მივედით. სექტორი გაჯანსაღებას საჭიროებს, ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით საიდან მოვდივართ?! ახალ ეტაპზე გადავედით - გენერაციამ ეკონომიკის განვითარებას უნდა გაუსწროს. საბოლოო ჯამში, უმსხვილესი პროექტი დავკარგეთ, რომელიც ნამახვანის ჰესია"- აცხადებს მაია მელიქიძე.