კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, წნორში არსებული ბიო მეურნეობა "სამყურა" ნოემბრის ბოლოს 2 სათბურის მშენებლობას დაიწყებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ნიკა ბაგალიშვილმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, სექტემბერში არსებულ ბიო მეურნეობას 2 სათბური ჯამში 1 600 კვადრატული მეტრი დაემატება, ხოლო აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 000 ლარია.
მისივე თქმით, მომხმარებლები ბიო პროდუქციას აქტიურად იძენენ, რის გამოც მეწარმე მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფას ვერ ასწრებს, შესაბამისად, ახალი წლის პერიოდში რეალიზაციის ზრდის მოლოდინი არ აქვს.
"პროდუქციის რეალიზაციის კუთხით დადებითი ტენდენცია გვაქვს, გაყიდვების რაოდენობამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით მოიმატა. ზოგადად კი, მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებ - ჯანსაღ პროდუქციაზე მომხმარებლების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა, ამიტომ ამ რაოდენობით ნედლეულის მიწოდება არ შემიძლია. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე კორპორაციული შეკვეთებიც არ მაქვს.
ახალი წლის პერიოდს რაც შეეხება, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან რა მოცულობის პროდუქციაც მაქვს, მოგეხსენებათ ყველა სახის ბოსტნეულს ვაწარმოებ - თვის განმავლობაში ყოველთვის ბოლომდე იყიდება. ამასთან, თვეში დაახლოებით რამდენი მომხმარებელი მყავს ვერ გეტყვით...", - აღნიშნა ნიკა ბაგალიშვილმა.
მისივე განმარტებით, მომხმარებლების 98%-ი ადგილობრივია, ხოლო 2%-ი უცხოელებზე მოდის.
"შეკვეთებს ადგილზე ვიღებ, თბილისში საკუთარი მაღაზია მაქვს და დაინტერესებულ პირებს ჯანსაღი პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობას ვაძლევ.
უცხოელების მიმართულებას, რაც შეეხება - მათ ძირითადად განსხვავებული პროდუქცია აინტერესებთ, მაგალითად, როგორიცაა ბამი (ბამი იმავე, ოკრა მცენარე ბალბისებრთა ოჯახიდან), მანგოლდი (შვეიცარიული ჭარხალი)", - აცხადებს მეწარმე.
ცნობისთვის, ბიო წარმოება "სამყურა" კახეთში, სოფელ წნორში მდებარეობს და ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს 2018 წლიდან აწარმოებს.