ტანსაცმლისა და სამკაულების მწარმოებელი კომპანიის "ჯერ არასდროს" დამფუძნებლის, ვაკო ჯინჭარაძის ინფორმაციით, მომხმარებლის მხრიდან ქართული ორნამენტებით და წარწერებით გაფორმებულ სამკაულებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ვაკო ჯინჭარაძე აცხადებს, უახლოეს მომავალში კომპანია აღნიშნული მიმართულებით მამაკაცის ხაზის დამატებას გეგმავს.
მისივე თქმით, თვეში დაახლოებით 20 სამკაული იყიდება, თუმცა კომპანია ახალი წლის პერიოდში რეალიზაციის ზრდას ელოდება.
"ამჟამად, საყურე, ყელსაბამი, სამაჯური გვაქვს. სამკაულებს ქართული ორნამენტებით, წარწერებით ვამზადებთ. ნებისმიერ პროდუქტზე ეროვნულ, უნიკალურ წარწერას შეამჩნევთ, რაც მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ.
რაც შეეხება ნედლეულს - ადგილობრივ ბაზარზე ვიძენთ, ძირითადად ვერცხლი და მინანქარი გვჭირდება, შემდეგ კი საბოლოო იერსახეს თავად ვაძლევთ. ამასთან, შოურუმი თბილისში გვაქვს, შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს პროდუქციის ნახვა და შეძენა ადგილზეც შეუძლია, თუმცა რეალიზაციის კუთხით სოციალური ქსელი ძალიან გვეხმარება. ასევე საცალო შეკვეთებზეც ვმუშაობთ, თვეში დაახლოებით 20 სამკაული იყიდება, თუმცა ვფიქრობ, რეალიზაცია გაიზრდება, რადგან მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურად მზარდია. სამკაულების ფასს რაც შეეხება 150 ლარიდან იწყება, უახლოეს მომავალში კი, ასორტიმენტის გაზრდაზეც ვმუშაობთ, მაგალითად, მამაკაცების ხაზი გვინდა დავამატოთ. ამასთან, ახალი წლის პერიოდში რეალიზაციის ზრდას ველოდებით", - აცხადებს ვაკო ჯინჭარაძე.
კომპანიის დამფუძნებელი, უშუალოდ მომხმარებლების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ყველაზე ხშირად პროდუქციას 25-დან 35 წლამდე ახალგაზრდები იძენენ.
"მყიდველებს რაც შეეხება, ძალიან ხშირად უცხოელებიც არიან, მიუხედავად იმისა, რომ სამკაულზე გამოსახულ წარწერის შინაარსს ვერ იგებენ, სიმბოლურად მაინც ყიდულობენ, თუმცა 90%-ი ადგილობრივი მოსახლეობა გახლავთ", - აღნიშნავს მეწარმე.
ცნობისთვის, ტანსაცმლისა და სამკაულების მწარმოებელი კომპანია ადგილობრივ ბაზარზე სამკაულების ხაზის მიმართულებით 2 წელია ოპერირებს.