მიმდინარე წლის 5–7 ნოემბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების (ITPGRFA) ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ ბალკანეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების (ITPGRFA) წევრია 2019 წლიდან.
სემინარში სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი,
ITPGRFA-ის ეროვნული საკონტაქტო პირი ლევან უჯმაჯურიძე და გენეტიკური ბანკის მენეჯერი თამარ ჯინჯიხაძე მონაწილეობდნენ.
ლევან უჯმაჯურიძემ მონაწილეებს საერთაშორისო ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საქართველოს გამოცდილება წარუდგინა; მიმოიხილა რატიფიკაციის ეტაპები, ძირითადი გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიება, დაცვა, კონსერვაცია-გავრცელებასა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ჯიშების ადაპტაციასთან. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სათესლე მასალის წარმოების გაზრდის აუცილებლობასა და მასში სახელმწიფოს ჩართულობის მნიშვნელობაზე; ისაუბრა
გამოწვევებზე, მიღწევებზე, აუცილებელ საჭიროებებზე , რომელიც ცნობადობის ამაღლების, თანამშრომლობის გაძლიერების და აგროსექტორის მდგრადი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.
თამარ ჯინჯიხაძემ სემინარზე წარადგინა პრეზენტაცია FAO/BSF-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში – „In-situ, on-farm და ex-situ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირების გაძლიერება“, რომელიც ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ. მისი მოხსენება შეეხებოდა პროექტის მიმდინარეობას, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მმართველი ორგანოს მე-11 სესია მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს, პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.