თბილისში მდებარე სასტუმროს - Garden Boutique Hotel-ის დამფუძნებლის, გიორგი ღვარძელაშვილის ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტზე რამდენიმე დღეა ევროპელი ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, რასაც ბიზნესმენი ამერიკელი მუსიკოსის, Justin Timberlake-ის კონცერტს უკავშირებს.
როგორც სასტუმროს დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამჟამად, სასტუმროში ვიზიტორები ინგლისიდან, ბრიუსელიდან, ჰოლანდიიდან, სკანდინავიის ქვეყნიდან არიან.
"24 ნომერი გვაქვს და ამჟამად, სრულად დაკავებულია. აქედან 75% ევროპელ სტუმრებზე მოდის, დანარჩენები კი აზიური ქვეყნიდან - ინდოეთიდან არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩავარდნები გვქონდა ახლა დადებითი ტენდენციაა, რაც შეიძლება, Justin Timberlake-ის კონცერტს დავუკავშიროთ. ძალიან დიდი რაოდენობით ვიზიტორია ჩამოსული - რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ევროპელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, გააქტიურდნენ, ვფიქრობ, აღნიშნული ტენდენცია რამდენიმე დღე გაგრძელდება", - აღნიშნავს გიორგი ღვარძელაშვილი.
Garden Boutique Hotel-ის დამფუძნებელი მიმდინარე ტენდენციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგად ჭრილში უცხოელი ვიზიტორების რიცხვი შემცირებულია.
"კერძოდ, ბოლო 6 თვესთან შედარებით, ივლისის თვეში სტუმრების რაოდენობა მინიმუმ 20%-ით შემცირდა. კლების მიზეზი მთის ტურებს უკავშირდება, ზაფხულში ვიზიტორები უფრო აღნიშნული ადგილისკენ მიილტვიან. წინასწარი ჯავშნები გვაქვს - მაგალითად, აგვისტოს თვის 40% უკვე დაჯავშნილია, ასევე სექტემბრის თვის 80%-იც დაკავებულია, შესაბამისად, მომავალ თვეებში დადებით ტენდენციას ველოდებით. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით აზიელი სტუმრების რაოდენობაა გაიზარდა - ინდოელი ვიზიტორები აქტიურობს. თუმცა აზიელი სტუმრები დაბალმხარჯველუნარიან სეგმენტში გადიან და აქცენტის გაკეთება მაინც ევროპელ სტუმრებზე მინდა", - აღნიშნავს გიორგი ღვარძელაშვილი.
ცნობისთვის, მუსიკოს, Justin Timberlake-ის კონცერტი, დღეს, 23 ივლისს "დინამო არენაზე" გაიმართება. Justin Timberlake მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.
მუსიკოსს გახმოვანებული აქვს DreamWorks-ის ანიმაციური მიუზიკლი TROLLS-ს. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა Can’t Stop the Feeling! 2017 წელს გამოსული Trolls Holiday-იდან, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
ამასთან, არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი Everything I Thought It Was, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის ჰიტ-სინგლებს: Selfish და No Angels.