logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული წარმოების პარიკებზე მოთხოვნა 60-70%-ით გაიზარდა - "პარიკების ოთახი""

ქართული წარმოების პარიკებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. როგორც კომპანია „პარიკების ოთახში“ აცხადებენ, გაყიდვები წინა წელთან შედარებით, 70%-ამდეა გაზრდილი.

„თუ ციფრებით ვისაუბრებთ, ბოლო 1 წელში, მოთხოვნა საშუალოდ 60-70%-ით გაგვეზარდა. განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ნატურალური თმის ხელნაკეთი პარიკები, რაც მიანიშნებს, რომ ბაზარი მეტად აფასებს ხარისხს, ბუნებრივ იერსახეს და ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენი გუნდი მუდმივად აანალიზებს მომხმარებლის საჭიროებებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა გვანცა ინასარიძემ.

მისივე ინფორმაციით, გარდა წარმოების გაზრდისა, „პარიკების ოთახი“ აქტიურად მუშაობს ქსელის გაფართოებაზეც.

„ნამდვილად გვაქვს განვითარების პოზიტიური ტენდენცია. ჩვენმა საწარმომ, ბოლო წლების განმავლობაში, სტაბილურად გაზარდა როგორც წარმოების მოცულობა, ისე დისტრიბუცია ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, სულ ცოტა ხნის წინ ფილიალი გავხსენით ქუთაისში, სადაც ინტერესი ქართული წარმოების, 100%-ით ნატურალური თმის პარიკების მიმართ აშკარად ყოველდღიურად მატულობს. მოთხოვნა მაღალია სხვა რეგიონებშიც და ვაპირებთ, თბილისისა და ქუთაისის ფილიალებს, მალე ბათუმიც დავამატოთ. ბათუმში მაღაზიის გახსნაზე მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს“, - განმარტა გვანცა ინასარიძემ.

„პარიკების ოთახის“ თანადამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზრებზეც.

„უკვე გვქონდა შემთხვევები, როდესაც ონლაინ მივიღეთ შეკვეთა ჩვენს პარიკებზე რამდენიმე ქვეყნიდან და გავუგზავნეთ აქედან სასურველი პროდუქტი. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ ექსპორტს ინტენსიური სახე მივცეთ. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს იმპორტირებულ პარიკებთან კონკურენციის გაწევის კუთხით. ქართულმა პროდუქციამ მოახერხა იმპორტირებულ პარიკებთან კონკურენციის გაწევა — არა მხოლოდ ფასით, არამედ ხარისხითაც. ქართველი მომხმარებლები ადგილობრივ ბაზარზე უკვე ჩვენს ნაწარმს ანიჭებენ უპირატესობას და არა - იმპორტირებულ პარიკებს. მიზეზი ალბათ ის არის, რომ მომხმარებლები გრძნობენ ადგილობრივი წარმოების უნიკალურობას: ჩვენ ვახორციელებთ ნატურალური თმის ინდივიდუალურ მოპოვებას და შემდეგ, მის ბუნებრივად დამუშავებას“, - აღნიშნა გვანცა ინასარიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარიკების მაქსიმალურად ბუნებრიობიდან და მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, მზარდია მოთხოვნა მამაკაცის ხაზზეც. შესაბამისად, კომპანია უკვე მუშაობას იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში, ბაზარზე 100 პროცენტით ნატურალური თმით დამზადებული მამაკაცის პარიკებიც გამოუშვას.

ცნობისთვის,  „პარიკების ოთახი“ ბაზარზე მესამე წელია რაც ოპერირებს. საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. კომპანია წარმოებულ პარიკებს ბუნებრივი თმისგან ამზადებს.

გამოგვყევით