სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება წყალტუბოში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანატორიუმების გასხვისების საკითხს აქტიურად განიხილავს.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" უწყებიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით საინვესტიციო წინადადებების განხილვა სისტემატურად მიმდინარეობს.
"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად განიხილავს მიღებულ საინვესტიციო წინადადებებს და ახორციელებს დასახელებული ობიექტების ეტაპობრივ განკარგვას კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად", – ვკითხულობთ "ბიზნესპარტნიორისთვის" გამოგზავნილ ოფიციალურ ინფორმაციაში.
ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ხაზს უსვამს, რომ "წყალტუბოს ახალი სიცოცხლის" პროექტის ფარგლებში, ამჟამად, 4 სანატორიუმი უკვე გასხვისებულია. საუბარია შემდეგ ობიექტებზე: "უშიშროება", "სამგურალი", "წყალტუბო" და "თბილისი".
კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4 სანატორიუმიდან:
• სანატორიუმი "უშიშროება", რომლის მიწის ფართობი 250 768 მ²-ს შეადგენს, 8,470,000 ლარად შპს "ტანდემ ესთეიტმა" შეისყიდა;
• "სამგურალი" – 18,681 მ² ფართობით, 2 043 000 ლარად გაიყიდა და მფლობელი შპს ""ჰარმონია წყალტუბო" გახდა.
• "წყალტუბო", რომლის ფართობი 35 990 მ²-ს შეადგენს, 2 600 000 ლარად შპს "გოლდენ თაუერმა" შეისყიდა;
• სანატორიუმი "თბილისი" (ფართობი – 28,399 მ²) შპს "აკამ" 3 152 300 ლარად გასხვისდა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოში გასხვისებული ძველი სანატორიუმების საკითხთან დაკავშირებით, "ბიზნესპარტნიორი" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს ესაუბრა. როგორც ქალაქის პირველი პირი აღნიშნავს, ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესი - მათ შორის, სანატორიუმ "თბილისის" სრული რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია.
ცნობისთვის, "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" – საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს წყალტუბოს როგორც საკურორტო ქალაქის სრულმასშტაბიან გარდაქმნას თანამედროვე, საერთაშორისო დონის ბალნეოლოგიურ და სამკურნალო-დასასვენებელ ტურისტულ ჰაბად.
კერძოდ, პროექტი 2019 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში იგეგმება: ძველი სანატორიუმების რეაბილიტაცია; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – გზები, გარე განათება, სანიაღვრეები, ტურისტული ზონები; საკურორტო ფუნქციის დაბრუნება – თანამედროვე სამედიცინო ცენტრების, სპა-კომპლექსების, სასტუმროების შექმნა; წყალტუბოს ეკონომიკური და დემოგრაფიული გაძლიერება.