logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ქართული გასტრონომია აზიური, ახალი ბაზრების მოთხოვნას ბოლომდე ვერ მოერგება" - შოთა ბურჯანაძე

ტურიზმის ახალ რეალობაში, როდესაც აზიური ბაზრებიდან — ინდოეთიდან, ჩინეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ვიზიტორების ნაკადი მზარდია. მზად არის თუ არა ქართული ტურისტული ინდუსტრია, მათ შორის გასტრონომიული მიმართულებით, აზიური ქვეყნებიდან მიიღოს ტურისტი და შესაბამისი სერვისი შესთავაზოს, ამის გასარკვევად "ბიზნესპარტნიორი"  რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელ შოთა ბურჯანაძეს  დაუკავშირდა. 

მისი შეფასებით,  მიუხედავად იმისა, რომ  სამასპინძლო ინდუსტრია მზადაა ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს უმასპინძლოს, დარგი აზიური ბაზრიდან შემოსული ტურისტების მიმართულებით მაინც  ახალი გამოწვევების წინაშე დგება.  როგორც ბურჯანაძე განმარტავს, განსაკუთრებით ინდოეთიდან ჩამოსულ ვიზიტორებს, გასტრონომიული მიმართულებით განსხვავებული გემოვნური მოლოდინები აქვთ, რომლებიც ტრადიციულ, მათთვის ნაცნობ კულინარიულ მიმართულებას უკავშირდება.

შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, ახალი ტურისტული სეგმენტის მოთხოვნები იზრდება, მაგრამ ქართული კულინარია ჩანაცვლებას არ ექვემდებარება. მისივე თქმით, ქვეყანაში შეიძლება, გარკვეული კუნძულები, კვების ობიექტები გაიზარდოს, კერძოდ, ისეთი ადგილები, სადაც აზიური ქვეყნის წარმომადგენლების გემოვნება დაკმაყოფილდება, რადგან ქართული გასტრონომია, აზიურ, ახალ ბაზარს ბოლომდე ვერ მოერგება.

"აზიურ ახალ ბაზრებთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გეოგრაფიული ტურისტული ნაკადები შეიცვალა - ქვეყანაში ძირითადად ტურისტული ნაკადი ინდოელ, ჩინელ, არაბეთის გაერთიანებული სამეფოს  ქვეყნის ვიზიტორებზე გადავიდა. სამწუხაროდ, აღნიშნული ქვეყნის ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანი არ არიან, უფრო საშვალომხარჯველუნარიან სეგმენტში გადიან. ამასთან, სასტუმროები ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ სეგმენტიდან არიან.

აზიური ქვეყნის წარმომადგენლების სტუმრობა - შეიძლება ითქვას, რომ სამასპინძლო სფეროსთვის გამოწვევა გახდა. გამოწვევა, არა როგორც ახალი მიმართულების შექმნა, არამედ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც პირადად მე, არამიზნობრივად მიმაჩნია. კერძოდ, კულტურულ განსხვავებებზე ვსაუბრობ, ხშირად, მაგალითად, ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტები იმ გასტრონომიულ მიმართულებას ითხოვენ, რაც მათთვის იდენტურია, მიჩვეული არიან - გარკვეულწილად, გასტრონომიული მიმართულებით, მათი სურვილები ტრადიციული კერძებია.

რაც შეეხება აღნიშნული საკითხიდან გამოსავალს - შეგვიძლია, გარკვეულ წილად შესაძლებლობები შევქმნათ, რომელიც ამ შემთხვევაში, აზიური ბაზრიდან ჩამოსულ ტურისტს დადებით პირობებს შეუქმნის, თუმცა ბოლომდე მათ მოთხოვნებს ვერ მოვერგებით, რადგან ჩვენი კულინარიული მიმართულებით, პირიქით უნდა დაინტერესდნენ. როგორც ჩვენს ქვეყანაში სალოცავია, სხვადასხვა, რელიგიის წარმომადგენლებისთვის, ისევე გასტრონომიული მიმართულებაც - ეს იმას, არ ნიშნავს, რომ მთლიანად მათ მოვერგებით.

სხვადასხვა, კუნძულების (კვებითი ობიექტების) შექმნა ბუნებრივი პროცესია და როდესაც მოთხოვნა ჩნდება, ბაზარიც ვითარდება, თუმცა აღნიშნულ სივრცეებს ძალიან მასიურად ვერ შევხვდებით. მაგალითად, რომ არ გვქონდეს ის გასტრონომია, რაც გვაქვს, შეიძლება, გადაერთო, მოეწყო კიდეც მათ სურვილებზე, მაგრამ ჩვენ უდიდესი ტრადიცია გვაქვს. შესაბამისად, ეს ხალხი, ჩვენს გასტრონომიას, ან შეეჩვევა, ან მათთვის საქართველო უინტერესო ქვეყნად დარჩება", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სექტემბერში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩატარდება, კერძოდ, თუ როგორ დახვდნენ ჩინელ ტურისტებს. შოთა ბურჯანაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა იუმორის შემცველია.

"ინიციატივა ცოტა სასაცილოდ ჩანს, რა უნდა ვისწავლოთ?! საუკუნეების მანძილზე სტუმარმასპინძლობის შესაძლებლობა გვაქვს და ვიცით - გაგვისტუმრებია სტუმარი. დამატებითი ტრენინგები, რას ნიშნავს არ ვიცი და ამ საკითხს ცოტა იუმორით ვუყურებ", - აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აზიური ტურისტების გარდა სხვა ვიზიტორებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ასევე ძალიან ხშირია, ებრაელი და რუსი ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში.

"ასევე მნიშვნელოვანია სტუმრები ისრაელიდან და რუსეთიდან, მაგალითად, შავიზღვისპირეთში, ბევრი რუსი და ებრაელი ვიზიტორები გვყავს. ერთი ნიუანსია - ისინი არა მხოლოდ, ტურისტები, არამედ უძრავი ქონების მფლობელებიც გახდნენ, გარკვეულწილად, ქვეყანაში როდესაც ინვესტიცია ხორციელდება მისასალმებელია, მაგრამ როდესაც თანხის დაბანდება ოკუპანტი ქვეყნიდანაა, ამ ყველაფერს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან თვალყურის მიდევნება სჭირდება", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა - Galt&Taggart-ის კვლევა, რომელიც ტურიზმის სექტორის თემატურ კონფერენციას ეხება. კვლევაში ხაზგასმულია, რომ ქართულ ტურიზმის სექტორს, ამ ეტაპზე აზიურ ახალ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს. კერძოდ, საკმარისი ცოდნა ამ ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების ინტერესების, ხარჯვის სტრუქტურისა და სერვისებზე მოთხოვნის შესახებ არ არსებობს.

გამოგვყევით