logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კოსმო" თბილისსა და თელავში ღია სახელოსნოს კონცეფციის ფილიალების დამატებას გეგმავს

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების საწარმო "კოსმო" გაფართოებას განაგრძობს - კომპანია თბილისსა და თელავში ღია სახელოსნოს კონცეფციის ფილიალების დამატებას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიას თანადამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ღია სახელოსნო თბილისში, ავლაბარში, სავარაუდოდ, შემოდგომას გაიხსნება, ხოლო პირველი ფილიალი თელავში, სავარაუდოდ, ახალი წლის პერიოდში. 

"ღია სახელოსნო მოიცავს სივრცეს, სადაც მომხმარებლებს თავად შეუძლიათ ნივთების შექმნა. მათ აქვთ შესაძლებლობა "კოსმოს" პროდუქციის შექმნის მონაწილე გახდნენ და თავისი თვალით ნახონ როგორ იქმნება ჩვენი პროდუქცია. გარდა ამისა, თელავში ახალი სავაჭრო ცენტრი იქნება, სადაც ჩვენი ძალიან მაღაზია გაიხსნება - ასევე, ღია სახელოსნოს კონცეფციით. 

გასულ წელს გორის ფილიალი გავხსენით და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა. განვითარების ტემპი კარგად მიდის. გარდა ამისა, ჩვენ დეკემბერში ვერცხლის ხაზი დავამატეთ, რომელიც ლიმიტირებული კოლექცია იყო. შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს მიმართულება გაგვეგრძელებინა და ამ ეტაპზე კომპანია ვერცხლის ახალ კოლექციაზე მუშაობს.

ამასთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გაყიდვაში საზაფხულო ახალი კოლექცია ჩავუშვით, რომელიც აფხაზეთს მივუძღვენით. აღნიშნული კოლექცია მოიცავს, ჩანთებს, შარფებს, კიმონოებს, შარვლებს და ა.შ. ახალი კოლექცია ყველა ფილიალში ხელმისაწვდომია. ჩვენმა დიზაინერებმა აქტიურად იმუშავა ამ კოლექციის შესაქმნელად. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის კულტურის ძეგლები დიზაინში გავაცოცხლეთ", - აცხადებს სოფი მუხულიშვილი.

ცნობისთვის, ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „კოსმო“ 2015 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში, ვაჟა ივერიელის 24-ში, 300 არაგველის მეტროსთან მდებარეობს. მათი პროდუქციისთვის ნედლეულის დიდი ნაწილი არის თურქეთიდან, თუმცა წარმოებაში გამოყენებულია სხვა ქვეყნიდან შემოტანილი მასალა და ასევე, გარკვეული პროცენტული წილი ქართულ ტყავსაც უჭირავს. „კოსმოს“ ამჟამად 8 ფილიალი აქვს - კერძოდ, 2 ფილიალი ბათუმში და 5 ფილიალი თბილისში, 1 ფილიალი გორში და 3 პარტნიორი მაღაზია ქუთაისში. პროდუქციის რეალიზება „კოსმოს“ ფილიალებში, ონლაინ (სოც. მედია პლატფორმების და საიტის www.cosmo.com.ge საშუალებით) და პარტნიორ მაღაზიებში ხდება.

გამოგვყევით