logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ირაკლი ნადარეიშვილი: ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

ირაკლი ნადარეიშვილი: ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

1753105585

„ტურიზმის სექტორში მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით  მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდული, დაახლოებით 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რომელმაც 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია და იმის დადასტურება, რომ მთლიანად სექტორი სწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის ჭრილშიც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით თითქმის 4%-იანი ზრდა ფიქსირდება -  ეს დაახლოებით 2 მილიარდ აშშ. დოლარს შეადგენს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

„პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ასევე გაუმჯობესებულია პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი თითქმის 36%-ით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წლიდან წლამდე ტურიზმის სექტორი სტაბილურად იზრდება და ვითარდება. ასევე მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების კონტრიბუცია, ზრდის მაჩვენებელი, რომელთა ხარჯზეც აღნიშნული რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. საგულისხმოა, რომ ამ კუთხით საკმაოდ ვრცელი გეოგრაფია, სხვადასხვა რეგიონებია წარმოდგენილი. მაგალითად, ევროკავშირიდან შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი, ისრაელიდან - თითქმის 17%-ით. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ტურისტული შემოსავლები აზერბაიჯანიდან - თითქმის 42%-ით, საუდის არაბეთიდან 21%-ით“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული შედეგები დარგის განვითარების მიზნით მთავრობის ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობასთან ერთად,  იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებითაა განპირობებულია, რომლებიც უზრუნველყოფს  საქართველოს პირდაპირ დაკავშირებადობას მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ ბაზრებთან და მიმართულებებთან.

„დღეს ჩვენს ავიაბაზარზე 70-ზე მეტია ავიაკომპანია ოპერირებს 110-ზე მეტი სხვადასხვა  მიმართულებით. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც დიდ როლს თამაშობს იმ კუთხით, რომ ჩვენ წლის განმავლობაში  თითქმის ყველა მიმართულებით რეკორდულ მაჩვენებლებს ვაფიქსირებთ - ტურისტების რაოდენობის, შემოსავლების და სხვა იმ პარამეტრების თვალსაზრისით, რომლითაც კონკრეტულ პერიოდში აღნიშნული დარგის წარმატება იზომება. ჩვენი მოლოდინია, რომ ტურიზმის დარგის და შესაბამისად, აქედან მიღებული შემოსავლების ზრდა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

გამოგვყევით