ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდების მიგრაცია ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების დეფიციტს ქმნის.
როგორც დავით ჩერქეზიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ტყიბულის მსგავსი პოსტინდუსტრიული მუნიციპალიტეტების განვითარება გრძელვადიან, ეტაპობრივ და სტრატეგიულ მიდგომას საჭიროებს.
"სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, სოციალურ სტაბილურობას და მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობს.
საქართველოში მიგრაციის ტენდენცია, ზოგადად, მზარდია რაც ტყიბულზეც აისახება – განსაკუთრებით ახალგაზრდების მიგრაცია ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების დეფიციტს ქმნის. მიუხედავად ამისა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართულებით გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები არსებობს - მუნიციპალიტეტი დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს, რომ პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრა შევძლოთ", - აღნიშნავს ტყიბულის მერი.
ამასთან, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ტყიბულში მიმდინარე ტურიზმის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეგიონის ფარგლებში შიდა ტურიზმის ზრდა ფიქსირდება, რაც მუნიციპალიტეტის გეოგრაფიულ უპირატესობასა და კულტურული მემკვიდრეობის გამოკვეთილ პოპულარიზაციას უკავშირდება.
"მუნიციპალიტეტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შექმნამ, ადგილობრივი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების დაორგანიზებამ ქალაქის ცნობადობა, როგორც შიდა, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს ყველაფერი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე პირდაპირ აისახება და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს.
რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტორების საკითხს, მუნიციპალიტეტში ძირითადად სლავები, უკრაინელები, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, ებრაელები და ევროპის, სხვადასხვა, ქვეყნის მცხოვრებლები ჩამოდიან", - აღნიშნავს ტყიბულის მერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგიონების განვითარების საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონების განვითარებას მეტი დროის დათმობა სჭირდება.