ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ქალაქში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია.
ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან" საკითხთან დაკავშირებით ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მიმდინარე ტენდენცია ტყიბულში რევიტალიზაციის პროცესს უკავშირდება.
დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ქალაქში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოები განხორციელდა, რაც მუნიციპალიტეტს თანამედროვე და მიმზიდველ იერსახეს აძლევს, შესაბამისად, ტურისტებისთვის გასულ წლებთან შედარებით უფრო მიმზიდველია.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტენდენციაა - რეგიონის ფარგლებში შიდა ტურიზმის ზრდა, რაც მუნიციპალიტეტის გეოგრაფიულ უპირატესობასა და კულტურული მემკვიდრეობის გამოკვეთილ პოპულარიზაციას უკავშირდება.
"მუნიციპალიტეტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შექმნამ, ადგილობრივი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების დაორგანიზებამ ქალაქის ცნობადობა, როგორც შიდა, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს ყველაფერი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე პირდაპირ აისახება და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს.
რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტორების საკითხს, მუნიციპალიტეტში ძირითადად სლავები, უკრაინელები, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, ებრაელები და ევროპის, სხვადასხვა, ქვეყნის მცხოვრებლები ჩამოდიან", - აღნიშნავს ტყიბულის მერი.
დავით ჩერქეზიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" უშუალოდ ტურისტული ობიექტების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქში ტურისტული ობიექტების რაოდენობა მზარდია. კერძოდ, მუნიციპალიტეტში მინიმუმ 8–10 სასტუმრო და საოჯახო ტიპის ობიექტი მოქმედებს, რომლებიც ქალაქსა და სოფლებშია განთავსებული.
ამასთან, ტყიბულის მერის ცნობით, ქალაქის წყალსაცავი კუნძულების განვითარება იწყება, რომლის საინვესტიციო ღირებულება ₾8 მლნ-ია.
"მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ მცირე საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში მომრავლდა. ამჟამად, მუნიციპალიტეტში მინიმუმ 8–10 სასტუმრო და საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტი მოქმედებს, მათ შორის: "მეთა", "სიხარული", "ანა", "ქორენა", "აგატი", "გელათი" და რამდენიმე გესტჰაუსი საწირესა და გელათში.
გარდა ამისა, კერძო ინვესტიციებით იგეგმება ქალაქის ცენტრში თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მოწყობა მრავალფუნქციური კომერციული ცენტრის შემადგენლობაში.
როგორც აღვნიშნე, ქალაქის ცენტრში არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია და არაბრენდული თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მოწყობა გეგმაშია, რომელიც მრავალფუნქციური სავაჭრო და გასართობი ცენტრის ნაწილი იქნება. აღნიშნული პროექტი ტურისტული სერვისების ხარისხზე და მუნიციპალიტეტის სტუმართმასპინძლობის პოტენციალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს", - აცხადებს მუნიციპალიტეტის პირველი პირი.