"ჩვენი პროგნოზით, სებ-ი გააგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას და მისი მოცულობა 2026 წელის ბოლოსთვის 7.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს" - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის მარტში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 46.5%-ით გაიზარდა და 6.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით მარტში რეზერვები 5.2%-ით შემცირდა (-343.4 მლნ აშშ დოლარი). საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ რეზერვების თვიური შემცირება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების შემცირებას (-140.9 მლნ აშშ დოლარი თ/თ), ასევე, მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 აპრილს).
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.7%-ს შეადგენს.