logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ბოლო 2 წელში, ₾84 მლნ-ზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ" - ტყიბულის მერი

ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წელში ₾84 მლნ-ზე  მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. 

როგორც ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა: საცხოვრებელი სახლების ფასადების მასშტაბური რეაბილიტაცია, სკვერების და სპორტული მოედნების განახლება.

"ტურისტებს კეთილმოწყობილი გარემოთი და ადგილობრივი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებით ვხვდებით, რაც მუნიციპალიტეტის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ამჟამად, მუნიციპალიტეტში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს:

  • საჯარო სექტორის ინვესტიციები – ამჟამად,  მიმდინარეობს მუნიციპალური ბიბლიოთეკის, ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის მოწყობა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფასადისა და  ამფითეატრის რეაბილიტაცია.
  • კერძო სექტორის ინვესტიციები – ქალაქის ცენტრში სასტუმროს შენობის სრული რენოვაცია და მრავალფუნქციური კომერციული ცენტრის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო, ქართული და ევროპული რესტორანი, სპორტული და დასვენების ზონა, სავაჭრო სივრცეები განთავსდება. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის მოცულობა 1.5 მილიონ ლარზე მეტია.
  • ტყიბულის წყალსაცავის კუნძულების პრივატიზაცია და განვითარება – დაგეგმილია დაახლოებით, 8 მილიონი ლარის ინვესტიცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
  • ცუცხვათის მღვიმის ხელმისაწვდომობის პროექტი – 200 000 ლარის ინვესტიციით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.
  • ასევე აქტიურ რეჟიმშია ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების ინდუსტრიულ ზონებად გარდაქმნის გეგმების დამუშავება. ტყიბულის შემოსასვლელში, ტყვარჩელის ქუჩის დასაწყისში საწარმოო-ეკონომიკური ზონა იქმნება, სადაც პირველ ეტაპზე ექვსი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას და 350 სამუშაო ადგილი გვექნება", - აღნიშნავს დავით ჩერქეზიშვილი.

ამასთან, მუნიციპალიტეტის პირველი პირი "ბიზნესპარტნიორთან" ტყიბულში და მის ახლომდებარე სოფლებში გზის პრობლემის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გზების ინფრასტრუქტურა ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. 

"ქალაქში ცენტრალური და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება დასრულებულია, ასევე სოფლებში მისასვლელი გზების.

რაც შეეხება წყალმომარაგებას, ქალაქში 24 საათიანი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ტყიბულში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. ამჟამად, მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც დასრულებულია რამდენიმე ქუჩებზე, რის შედეგადაც 16 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს  სასმელი წყალი  24 საათიან რეჟიმში მიეწოდება.

პარალელურად ხორციელდება რეზერვუარების, ორი სატუმბი სადგურისა და  წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ასევე, გურნის ადმინისტრაციული ერთეულის წყალმომარაგების პროექტი ხორციელდება, რომელიც  6 სოფელში (კითხიჯი, ანტორია, ბობოთი, ნაძვა, კორეეთი, ციახია) შიდა ქსელის მოწყობას და მოსახლეობის აბონირებას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის წყლის მიწოდების  პრობლემის სრული გადაწყვეტა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ საკითხად რჩება. სწორედ ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან,  რათა მომდევნო წლებში წყალმომარაგების სისტემის სრულფასოვანი მოდერნიზაცია შესაძლებელი გახდეს", - აცხადებს ტყიბულის მერი.

გამოგვყევით