კომპანია "ჭრიჭინა", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ჩურჩხელასა და ჩირს აწარმოებს ასორტიმენტს ზრდის და სხვადასხვა, სახის მურაბის წარმოებას იწყებს. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ გაგნიძემ აღნიშნა, დაახლოებით, ერთ თვეში პროდუქტი უკვე ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება.
თამარ გაგნიძის ინფორმაციით, ამჟამად, ნებისმიერი პროდუქტის ყიდვა ონლაინაა შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ ქსელურ მარკეტებში შესვლას განიხილავს.
"პირველ რიგში, კახურ, ნატურალურ ჩურჩხელას ვაწარმოებ. მინდოდა, მომხმარებლისთვის ბრენდის სახით განსხვავებული და ახალი პროდუქტი შემეთავაზებინა - ვგულისხმობ, მაგალითად, შეფუთვას. მსგავსი შეფუთვა ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე არ არის და უცხოა. მინდა გითხრათ, ჩურჩხელასთან ერთად ჩირების გამოშვება დავიწყეთ, რომელიც ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშეა. ამჟამად, პირველი სეზონი გვაქვს, კერძოდ, გარგარი და ატამი გამოვაშრეთ.
ასორტიმენტის გაზრდას, რაც შეეხება უკვე სხვადასხვა, სახის მურაბები დამზადებული გვაქვს. მაგალითად, გარგარის მურაბა გვაქვს ლიმონით და ნიგვზით, მალენის ჯემი და ა.შ. ახლა, ასორტიმენტს ვაგროვებთ, რამდენიმე მურაბას ვამზადებთ და ცოტა დრო გვჭირდება. გვინდა მომხმარებლებს, ვისაც ტკბილეული უყვარს მურაბა, ჩურჩხელა შევთავაზოთ, ხოლო სხვა სეგმენტს ჩირი მივაწოდოთ. ზოგადად, უკვე ვფიქრობ, რომ რომელიმე ქსელურ მარკეტში შევიდე, თუმცა ეს სამომავლო პერსპექტივაა და წინასწარ საუბარი გამიჭირდება", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
თამარ გაგნიძე ნედლეულის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროდუქტის ინგრედიენტების ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს, დანარჩენს კი თავად აწარმოებს.
"ნედლეულს რაც შეეხება - ნიგოზს ვყიდულობ, ხოლო ბადაგი თავად გვაქვს. ჩირს რაც შეეხება, გარგარი საკუთარი ბაღისაა, ხოლო ატამს ვყიდულობ. გაყიდვების რაოდენობა ჯერ იმ კონდიციაში არ არის, რაც წარმომიდგენია, ხოლო ზრდის შესახებ პროცენტულად ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება... უკვე სექტემბრიდან ჩურჩხელის წარმოებას მასიურად დავიწყებთ და დადებით ტენდენციას ველოდები. ზოგადად, ჩვენთან ყველაზე საუკეთესო პერიოდი შემოდგომიდან იწყება და ზაფხულში პიკს აღწევს.
"ჭრიჭინას" ძირითადი მომხმარებლები ემიგრანტები არიან. ძალიან ხშირად პროდუქტს საქართველოს გარეთ ვაგზავნი, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი მიმართულებით დიდი კონკურენციაა, თუმცა პოტენციურ მომხმარებლებს განსხვავებულ, ჯანსაღი პროდუქტს ვთავაზობ და ვფიქრობ, შედეგიც არ დააყოვნებს", - აცხადებს "ჭრიჭინას" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, კომპანია "ჭრიჭინა", რომელიც კახეთში მდებარეობს ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე თვეა ოპერირებს.