logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GDG ჯგუფი სასტუმროების Best Western-ის ბრენდით მართვას განიხილავს – ობიექტების გახსნა 2026 წლამდე გადაიდო

ქუთაისის აეროპორტთან და ვანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნა 2026 წლამდე გადაიდო, – ამის შესახებ GDG ჯგუფის ხელმძღვანელმა ბიძინა წაქაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. მისი თქმით, გახსნის გადავადების მიზეზი სამშენებლო სირთულეები და მიმდინარე მოპირკეთების სამუშაოებია.

ბიძინა წაქაძის განცხადებით, კომპანიის მენეჯმენტს გადაწყვეტილი არ აქვს, სასტუმროს მართვაში თავად დარჩება თუ საერთაშორისო ოპერატორს შემოიყვანს, თუმცა თუ მართვაში საერთაშორისო ბრენდი ჩაერთვება, დიდი ალბათობით ეს Best Western-ი იქნება.

მისივე ინფორმაციით, ორივე სასტუმროს მართვაში შესვლით საერთაშორისო ბრენდის მხრიდან მაღალი დაინტერესებაა. 

"ქუთაისის აეროპორტთან და ვანში 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს 2026 წელს გავხსნით. სასტუმროების გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე სასტუმროს შენობების მოპირკეთების სამუშაობი მიმდინარეობს. განსაკუთრებით, ქუთაისის ობიექტი თავისი კონსტრუქციით შედარებით რთულია. ვანის სასტუმროშიც შიდა რემონტი მიმდინარეობს და მომდევნო წელს გავხსნით.

Best Western-თან გვქონდა მოლაპარაკებების გარკვეული ეტაპი და არ გამოვრიცხავ, რომ სასტუმროების მართვაში სწორედ Best Western-ი შემოვიდეს. ჯერჯერობით გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები - ჩვენ ვმართავთ, თუ საერთაშორისო ბრენდს შემოვიყვანთ", - აცხადებს ბიძინა წაქაძე.

ცნობისთვის, ქუთაისის აეროპორტთან მშენებარე სასტუმროს პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის , ვანში კი 3-4 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ქუთაისის აეროპორტთან 120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი, ბარი და კაზინო განთავსდება. რაც შეეხება ვანში 4-ვარსკვლავიან სასტუმროს, 45 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო, სპორტული დარბაზი და რესტორანი.

გამოგვყევით