ქართული კომპანია TinyToys, რომელიც ბავშვთა განვითარებისთვის ხის სათამაშოებს აწარმოებს, ასორტიმენტს ზრდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ეკა გოდერძიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, უკვე არსებულ 100-მდე პროდუქტს აგვისტოს ბოლოს, 3 ტიპის სათამაშო დაემატება.
ეკა გოდერძიშვილის ინფორმაციით, პროდუქციის ხაზის განვითარება მომხმარებლების მოთხოვნას უკავშირდება. მისივე თქმით, ახალი სათამაშოების ფასის დიაპაზონი 250 ლარიდან დაიწყება და 600 ლარის ფარგლებში იქნება. აღნიშნული პროდუქცია მაღალმხარჯველუნარიანი მომხმარებლების სეგმენტისთვის იქნება გათვლილი.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი უშუალოდ მომხმარებლების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი რაოდენობა 30%-ით გაზარდა, რასაც პირველ რიგში, მუდმივ განვითარების პროცესს უკავშირებს.
"ბავშვებისთვის ხის სათამაშოებს, როგორც ადგილზე ვამზადებთ, ასევე გარკვეული პროდუქტი იმპორტირებული გვაქვს. პროდუქტის ასაკობრივი ზღვარი 6 თვიდან იწყება და 8 წლამდე ბავშვებს მოიცავს. მომხმარებლების დიდი წილი - 95%-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის, ხოლო 5%-ი უცხოელი მომხმარებლები არიან. ადგილობრივი მოსახლეობიდან ძირითადად, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი ლიდერობს, ასევე დაკვეთებს სოფლებიდანაც ვიღებთ. უცხოელებს რაც შეეხება, რამდენჯერმე პროდუქტი აშშ გავაგზავნეთ. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ მომხმარებლების უმრავლესობა სენსორული კედლით ინტერესდება, რასაც ადგილზე, საქართველოში ვამზადებთ - სათამაშოებზე მეტად სწორედ ამ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ძალიან მრავალფუნქციურია, ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო დეტალებს მოიცავს.
ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ - 1 ახალი სათამაშო უკვე გავაკეთეთ, ჯერჯერობით, ბაზარზე ჩაშვებული არ არის, უფრო კონკრეტულად, სენსორული მიმართულების სათამაშოა, თუმცა კედელი არ იქნება, სხვა ტიპის მრავალფუნქციური, სახლის ფორმის სათამაშო გვექნება. ვფიქრობ, დაახლოებით, 3 ახალ პროდუქტს დავამატებთ, რომელსაც ადგილზე დავამზადებთ, ნედლეულსაც საქართველოში ვიყიდით. დროის ციკლს, რაც შეეხება - აგვისტოს ბოლოსთვის ადგილობრივ ბაზარზე უკვე გამოჩნდება. ასორტიმენტის გაზრდა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. როგორც იცით, აღნიშნული მიმართულებით დიდი კონკურენციაა, მუდმივად საბაზრო კვლევას ვაწარმოებთ და ვცდილობთ კონკურენტუნარიანები ვიყოთ", - აცხადებს ეკა გოდერძიშვილი.
კომპანიის დამფუძნებელი უშუალოდ მომხმარებლების, სხვადასხვა, სეგმენტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მყიდველების 80% ფიზიკური პირია, 20% კი იურიდიულ პირებზე მოდის.
ეკა გოდერძიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანია 2026 წელს ბრენდული მაღაზია, ან სტენდი გახსნას, თუმცა ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ვერ აჟღერებს, რადგან პროექტი იდეის დონეზეა.
"მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით კერძო ბაღები აქტიურობენ. ამასთან, სხვადასხვა, ტენდერის ფარგლებში სათამაშოები 18 საჯარო ბაღშიც შევიტანეთ. ძირითადად, მაინც საცალო მიმართულებით, ფიზიკურ პირებზე ვმუშაობთ. წარმადობას რაც შეეხება, წელიწადში დაახლოებით ყველა სახის - 500-დან 1 000 სათამაშოს ვყიდით. წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, აღნიშნულ ზრდას, მუდმივ განვითარების პროცესს ვუკავშირებ, სტაბილური, კმაყოფილი მომხმარებლები გვყავს. ბაღების შემთხვევაშიც ასეა, გვიბრუნდებიან ხოლმე, ვფიქრობ შემოდგომაზე, ურთიერთობას განვაახლებთ.
ნედლეულის კონტექსტში, რომ გესაუბროთ ადგილობრივ ბაზარზე, მაგალითად, სამეგრელოდან ვყიდულობთ, იმპორტს კი - პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და ჩინეთიდან ვაწარმოებთ. ვცდილობთ, რაც შეგვიძლია, ადგილზე შევქმნათ. მარტივი პროდუქტის გარდა, ძირითადად სენსორულ კედლებზე, ლოგოზე ვმუშაობთ, მოკლედ, ბავშვების განვითარებისთვის საჭირო სათამაშოები გვაქვს. სახელოსნო თბილისში გვაქვს, კერძოდ, საბურთალოზე. პროდუქტს ამ ეტაპზე, სოციალური ქსელის მეშვეობით ვყიდით (ძირითადად FACEBOOK-ის საშუალებით). გაფართოებაზე ვფიქრობთ, გვინდა სტენდი, ან ბრენდული მაღაზია გვქონდეს, 2026 წლის გეგმაშია, თუმცა ამ ეტაპზე: რა, სად, როგორ, ან თუნდაც პროექტის საინვესტიციო ღირებულება რა იქნება, არ ვიცი იდეის დონეზეა", - აცხადებს ეკა გოდერძიშვილი.
ცნობისთვის, კომპანია TinyToys, რომელიც ბავშვებისთვის ხის სათამაშოებს აწარმოებს, ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. კერძოდ, კომპანიას სულ 100 სახეობის სათამაშო აქვს. პროდუქტის ფასები 15 ლარიდან იწყება და მაქსიმალური თანხა 700 ლარამდე მერყეობს. კომპანიის სახელოსნო თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარეობს.