logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სახელმწიფო გრანტის სააგენტოს კონკურსები იქნება გამჭვირვალე" - ლევან ჟორჟოლიანი

"სახელმწიფო გრანტის სააგენტოს კონკურსები იქნება გამჭვირვალე" - ლევან ჟორჟოლიანი

1753105421

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ უცხოელი აქტორების მხრიდან, არ ემსახურებოდნენ სახელმწიფოს ეროვნულ მიზნებს,  შესაბამისად, შეიქმნა სახელმწიფო გრანტის სააგენტო, რომელსაც მთავრობის განკარგულებით განესაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და გრანტების გაცემა აპრობირებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით, დასავლურ ქვეყნებში.

„ევროკავშირის არაერთ ქვეყანას აქვს მსგავსი პროგრამები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას. როგორც ბოლოს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ უცხოელი აქტორების მხრიდან, ფაქტია, რომ  არ ემსახურებოდნენ სახელმწიფოს ეროვნულ მიზნებს, რომელიც  მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც უნდა განავითაროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც კონტრიბუცია უნდა შეიტანოს განათლების, მეცნიერების დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების მიმართულებით განვითარებაში. შესაბამისად, საჭიროება დადგა, სახელმწიფომ თავად აიღო ეს თავის თავზე, შეიქმნა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელსაც მთავრობის განკარგულებით განესაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები.

პრიორიტეტული მიმართულებებია დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, ეკონომიკური განვითარება, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჯანდაცვა, სპორტი, ახალგაზრდობა. განათლება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ყველა სხვა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც თანხვედრაშია სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რომ სახელმწიფო გრანტის სააგენტოს კონკურსები იქნება გამჭვირვალე, ჩატარდება რეალური კონკურსები და აღნიშნული საზოგადოებრივი ორგანიზაციები რეალურად მოემსახურებიან საზოგადოებას, ქართველ ხალხს და მათ ინტერესებს და არა პირიქით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 18 ივლისს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების“ შესაბამისად იმოქმედებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით.

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. სააგენტო ახალი სსიპ-ია.

გამოგვყევით