ზოგადად, ჩინელები მთელ მსოფლიოში განსხვავებული ტურისტები არიან, განსხვავებული სერვისი სჭირდებათ და სწორედ ამიტომ, სექტემბერში ბიზნეს სექტორისთვის გვექნება ტრენინგები, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.
მან ახალი ბაზრების ათვისების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ განსხვავებული კულტურების გამო, გარკვეული ცოდნის გაზიარება და მიღებაა საჭირო, როდესაც ქვეყანა ტურისტებს ახალი ბაზრებიდან იღებს. ამ ჭრილში მან განსაკუთრებულად გამოყო ჩინელი ტურისტები, რომლებიც მაღალმხარჯვეულუნარიანები არიან.
„როგორც უკვე გითხარით, სექტემბერში დავატრენინგებთ კერძო სექტორს, როგორ დახვდნენ ჩინელ ტურისტებს. სხვათა შორის, ეს თავად, ჩინელების მიერ შემუშავებული პროგრამაა. ეს ბაზარი ჩვენთვის ახალია, უვიზო რეჟიმიც ახალია. შესაბამისად, ეს პროცესი ჩვენი და კერძო სექტორის ერთად გასავლელია. გამოცდილებებით ვსწავლობთ. გარკვეული "გაიდლაინები" უკვე არსებობს, თუმცა ახალი ბაზრის ახალი გამოწვევები ერთად გასავლელია“, - აღნიშნა ომიაძემ.
მან სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ გამოფენებს თავად კერძო სექტორი არჩევს.
„ჩვენ არ ვარჩევთ გამოფენებს. ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირებული არიან ტურისტული კომპანიები, სასტუმროები. ყოველი წლის ბოლოს, ჩვენ ვაცხადებთ შემდეგი წლის გამოფენებს და გამოკითხვას ვატარებთ, თუ რომელი ბაზრები აინტერესებთ ტუროპერატორებს, სასტუმროებს. რომელ გამოფენასაც ბიზნესის მხრიდან მეტი ხმა აქვს, ის ირჩევა... ამ გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ჩვენი კერძო სექტორი უკვე ახალი ბაზრებით არის დაინტერესებული და უფრო მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას ტურისტულ გამოფენებში მაგალითად, შანხაიში, ვიდრე მილანში, რადგან ევროპულ ბაზარზე მათ უკვე ჰყავთ პარტნიორები და აინტერესებთ ახალი მიმართულებები“, - განმარტა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები რეკორდულად გაიზარდა. იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.