logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ვაფართოებთ ტერიტორიებს, ახალი დაცული ტერიტორიები ემატება ქსელს, რაც დამატებით გამოწვევებს წარმოშობს" - თამარ ხახიშვილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო 3 ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ეს არის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, დაცვა და კონსერვაცია, ამ კუთხით კვლავ არსებობს გამოწვევები, რაც დაკავშირებულია ბრაკონიერობასთან, ხე ტყის უკანონო ჭრასთან, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო აქტიურად ებრძვის მსგავს ქმედებებს - ამის შესახებ  დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, საზოგადოებაში ცნობიერების დონე ამაღლდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ დაცულ ტერიტორიებზე. სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს, თუმცა კვლავ ხვდებიან ვანდალიზმის ფაქტებს, ასევე ძირითად პრობლემას დანაგვიანება წარმოადგენს, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ნარჩენების გატანა სირთულეებთანაა დაკავშირებული.

“ცხადია, გვხვდება გარკვეული გამოწვევები, რაზეც ვაგრძელებთ მუშაობს და მაქსიმალურად ვცდილობთ აღმოიფხვრას ყველა დაცულ ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემები. ვაფართოებთ ტერიტორიებს, ახალი დაცული ტერიტორიები ემატება ქსელს, რაც დამატებით გამოწვევებს წარმოშობს. ასევე, ვმუშაობთ ეკოტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე. ამ მხრივ, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ სერვისის შეთავაზების დროს მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ ვიზიტორთა მოთხოვნებსა და საჭიროებებს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე დახვდებათ, სრულად უნდა პასუხობდეს უსაფრთხოებისა და კომფორტის ნიშნულებს, რაც გათვალისწინებულია ზოგადად დაცულ ტერიტორიებზე”- განაცხადა, თამარ ხახიშვილმა.

მისივე თქმით, სააგენტო მუდმივად მოუწოდებს ვიზიტორებს, რომ მოგზაურობისას პირველ რიგში ვიზიტორთა ცენტრს ესტუმრონ და მიიღონ სრული ინფორმაცია, რაც შეიძლება დასჭირდეთ.

სანამ ვიზიტორები ლაშქრობას დაიწყებენ, ვიზიტორებმა უნდა იცოდნენ ის წესები, რაც თუნდაც ბილიკზე გადაადგილების დროს უნდა დაიცვან. უნდა ითქვას, რომ ითვალისწინებენ ამას და საბედნიეროდ არ გვქონია მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც ვიზიტორების უსაფრთხოებას ეხებოდა. თუმცა ყოფილა შემთხვევები, მაგალითად ბილიკიდან გადახვევის და დაკარგვის, ამ შემთხვევაში კი რეინჯერები და უწყების თანამშრომლები ერთვებიან საქმეში"- ამბობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი.

გამოგვყევით