საფურშეტო მომსახურების, Good food catering-ის დამფუძნებლის, მარიამ ტუღუშის ინფორმაციით, კომპანია თვეში უმეტესწილად საშუალო სეგმენტის შეკვეთებს იღებს, რაც 40-დან 100 პერსონის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო კომერციული შეკვეთების წილი დაბალია და ბიზნესის მთლიანი ბრუნვის 10%-ს მოიცავს.
როგორც მარიამ ტუღუში "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს დიდ, კომერციულ შეკვეთებზე საკუთარი კავშირებით გადის, ხოლო შედარებით პატარა შეკვეთებს ხშირად სოციალური ქსელიდან იღებს.
"ამჟამად, ძალიან კარგი მუშაობაა, რადგან ჩვენი სფერო ისეთია, ძირითადად, დატვირთვა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებულად მოდის. წინასწარი შეკვეთები გვაქვს, მაგალითად, ამ თვის შეკვეთებით კმაყოფილი ვართ.
პატარა კომპანია ვართ და ჯერჯერობით, 500 პერსონას, ან უფრო მეტს არ ვემსახურებით. ახლა მაქსიმუმ 250 პერსონაზე გათვლილი შეკვეთა გვაქვს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 40%-ით გაზრდილია. მოთხოვნის გაზრდას კმაყოფილ მომხმარებელს ვუკავშირებ - ხალხმა გამიცნო და ერთმანეთს ინფორმაციას გადასცემენ. რაც შეეხება, მარკეტინგულ ჩართულობას, სოციალურ ქსელი საოცრად მუშაობს-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ პატარ-პატარა შეკვეთები, თუნდაც FACEBOOK-იდან ხშირად შემოდის, დიდ შეკვეთებზე უფრო ჩვენი კავშირებით გავდივართ. კომერციული შეკვეთებიც გვაქვს, ცხადია, კონკრეტულ კომპანიებთან ვთანამშრომლობ, რომლებიც ჩემთან ბიზნესის დაწყების დღიდან თანამშრომლობენ, მსგავსი კომპანიების წილი საკმაოდ ცოტაა, დაახლოებით სრული შეკვეთის 10%", - აღნიშნავს მარიამ ტუღუში.
კომპანიის დამფუძნებელმა ასევე სფეროში მიმდინარე გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში საფურშეტო მომსახურება, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაღალი კონკურენციაა. მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე თვეში მინიმუმ 5 ახალი საფურშეტო მომსახურება იწყებს ოპერირებას.
"აღნიშნულის განმაპირობებელი ფაქტორი, პირველ რიგში, მომხმარებლების მოთხოვნაა, ამავდროულად სადღესასწაულო გარემოში საფურშეტო მომსახურება უფრო იაფი ჯდება და პოტენციური დამკვეთისთვის კომფორტულია, როდესაც ადგილზე ყველაფერი გამზადებული გხვდება. ამავდროულად, სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი კომპანია ყველაფერს ჯანსაღად ამზადებს და რაც მთავარია, ზუსტად იმდენს, რამდენიც თითო პერსონას სჭირდება. საცხობებში და საკონდიტრო ობიექტებში, ძირითადად მარგარინს იყენებენ და ასევე ხშირად პროდუქტი რჩებათ - მოკლედ, დაბალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ, ხოლო ფურშეტს, შეუძლია მაღალი ხარისხის პროდუქტი ჰქონდეს.
ასორტიმენტს რაც შეეხება - ცივი, ცხელი კერძები მაქვს, კანაპეები, ტარტები, კრემიანი და მშრალი ნამცხვრები, ასევე მომხმარებლებს საკვების ადგილზე დამზადებასაც ვთავაზობ - STREET FOOD-ს ვგულისხმობ. კომპანიაში 5 ადამიანი ვართ დასაქმებული და საკვებსაც ჩვენ თვითონ ვამზადებთ", - აღნიშნავს Good food catering-ის დამფუძნებელი.