logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ხშირი სტუმრები ისრაელიდან გვყავდა, ომი დასრულდა, მაგრამ მაინც უარყოფითი ტენდენცია გვაქვს" - "გუგოშვილების მარანი"

კახეთში, ყვარლის რაიონ სოფელ ახალსოფელში მდებარე "გუგოშვილების მარნის" დამფუძნებლის, თამაზ გუგოშვილის ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო თვეების ჭრილში შემცირდა. როგორც მარნის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ირან-ისრაელის ომის დასრულების მიუხედავად, უარყოფითი ტენდენციაა, რადგან ყველაზე ხშირი სტუმრები სწორედ ისრაელიდან ჰყავდათ.

თამაზ გუგოშვილის თქმით, ომის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ქვეყნიდან სტუმრები მხოლოდ ერთხელ ჰყავდათ და ჯერჯერობით, არც წინასწარი ჯავშნები აქვთ.

"პირველ რიგში, რქაწითელი, ქინძმარაული, მშრალი საფერავი, 2 სახის ჭაჭა და კონიაკი გვაქვს. ვენახი 16 ჰექტარია და წელიწადში 25 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ვიყავით, მაგრამ კორონა ვირუსის შემდეგ თანამშრომლობა შევწყვიტეთ, რადგან ჩვენი ბაზარი ძალიან ჩავარდა. ამჟამად, მომხმარებლები ღვინოს ადგილზე ყიდულობენ. ექსპორტი იტალიაში, უკრაინაში გვქონდა, მაგრამ ახლა ექსპორტიც აღარ გვაქვს, რადგან იტალიამ ღვინის დიდი რაოდენობით მოითხოვა მიწოდება და ვერ შევძლებდით, ხოლო უკრაინაში, რაც ხდება მოგეხსენებათ... 

უცხოეთიდან ყველაზე ხშირად რუსეთიდან და ისრაელიდან გვსტუმრობენ. 80% უცხოელები არიან, მცირე ნაწილი კი, 20% ადგილობრივი მოსახლეობაა. ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. უკვე გითხარით, რომ ისრაელი ვიზიტორები ხშირად გვსტუმრობდნენ, შესაბამისად, ირან-ისრაელის ომი ჩვენზე სარკისებური ეფექტით აისახა. ომი რომ დამთავრდა, მხოლოდ ერთი 10 კაციანი ჯგუფი გვყავდა, სამწუხაროდ, შემდეგი ჯავშნები აღარ ყოფილა... იმედი მაქვს, სიტუაცია დადებითი ტენდენციით შეიცვლება და ჩვენთან ჩამოსვლას განაახლებენ. მინდა გითხრათ, რომ ისრაელიდან სტუმრებს ყველაზე მეტად ჩვენი რქაწითელი და ჭაჭა მოსწონდათ, ალბათ, მისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე", - აღნიშნავს თამაზ გუგოშვილი.

ცნობისთვის, კახეთში, ყვარლის რაიონ სოფელ ახალსოფელში მდებარე "გუგოშვილების მარანი" ადგილობრივ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღე ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებდნენ. ამ დროისთვის, ორ ქვეყანას  შორის ცეცხლი შეწყვეტილია, ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელ-ირანს შორის 12-დღიანი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება 24 ივნისს დასრულებულად გამოაცხადა. 

გამოგვყევით