logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ირან-ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სანავთობო ბირჟები კვლავ ფუნდამენტურ ფაქტორებზე გადაერთო" - სერგი ყურაშვილი

მსოფლიოში როგორც ნავთობპროდუქტების, ისე ბუნებრივი აირის გაიაფების მოლოდინია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირან - ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რისკები შემცირდა და სანავთობო ბირჟები კვლავ ფუნდამენტურ ფაქტორებზე გადაერთო.

დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 70 დოლარია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Galt & Taggart - ის ფინანსური ბაზრების ასოცირებული მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა  განუცხადა, სანამ ამ ღირებულებაზე ჩამოვიდოდა ნავთობის ფასი, მან საკმაოდ მერყევი პერიოდი გაიარა.

„2025 წლის მეორე კვარტალი ნავთობმა დაბალი ფასით დაიწყო. კერძოდ, აპრილის დასაწყისში და მაისის პირველ კვირაში, ფასი თითქმის 20%-ით შემცირდა და ბარელზე 60 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც ბოლო ორი წლის მინიმუმი იყო. ფასის კლება განაპირობა გლობალურად ნავთობზე არსებულმა სუსტმა მოთხოვნამ და მოლოდინმა, რომ OPEC+ -ის წევრი ქვეყნები ზაფხულისთვის წარმოებას გაზრდიდნენ. გარდა ამისა, აშშ-ის მიერ აპრილში შემოღებული ტარიფები და სავაჭრო გაურკვევლობაც, ბაზრის განწყობაზე უარყოფითად აისახა და ნავთობის ფასები შეამცირა. თუმცა, უკვე ივნისის შუა პერიოდიდან მთელი მსოფლიოს ყურადღება გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ მიიპყრო: ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, რასაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის იერიშები მოჰყვა. ამის ფონზე ნავთობის ფასში რისკ-პრემია გაჩნდა, ის 80 დოლარამდე გაიზარდა და პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმდინარე წლის უმაღლესი მაჩვენებელი იყო. ამის შემდგომ ბაზარზე მერყეობები კიდევ გაგრძელდა და ნავთობის ფასის ზრდა დროებითი აღმოჩნდა. ივნისის ბოლოს გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ირანს შორის, რის შემდეგაც ნავთობის ფასი 14%-ზე მეტად შემცირდა და კონფლიქტით გამოწვეული მატება თითქმის სრულად გაბათილდა. ამ მომენტისთვის, საერთაშორისო სანავთობო ბაზარი კვლავ ფუნდამენტურ ფაქტორებზეა გადართული და შესაბამისად, არ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს პერიოდში, ნავთობის ფასები გაიზრდება“, - აღნიშნა Galt & Taggart - ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა.

მისივე განმარტებით, მეტიც, გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდების გაზრდის და შესაბამისად, მისი გაიაფების მოლოდინია.

ბუნებრივია, გლობალური ბაზრების ნაწილია საქართველოც და საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებს მყისიერი გავლენა აქვს მასზეც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, ირან-ისრაელის სამხედრო კონფლიქტის დაწყების პირველ დღეებში, საქართველოში საწვავი 5-10 თეთრით გაძვირდა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არ ახდენს, ფასების ზრდაზე გავლენა ნეგატიურმა მოლოდინებმა იქონია. თუმცა, მას შემდეგ რაც, ორ ქვეყანას შორის ცეცხლი შეწყდა, ფასების ზრდა არ გაგრძელებულა და ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურობა შეინიშნება.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების იმპორტის ბოლო სტატისტიკურ მაჩვენებლებს, აქ ზრდის ტრენდი ნარჩუნდება. ნავთობიმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ საქართველოში ავტოპარკის ზრდის კვალდაკვალ წლიდან წლამდე მზარდია ნავთობპროდუქტების იმპორტიც. თან, ამაზე გავლენას ახდენს სეზონურობაც. ზაფხული სამოგზაურო პერიოდია და როგორც წესი, ამ დროს იზრდება გადაადგილება, შედეგად იზრდება ნავთობპროდუქტების მოხმარებაც. ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები კი ასეთია: 2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოში 562 ათასზე მეტი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გამოგვყევით