„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 2019 წელს ჩვენ უკვე ვუმსაპინძლეთ 9 მილიონ ტურისტს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანას და სამასპინძლო სექტორს გამოცდილება აქვს, რომ 8 და მეტ მილიონ ტურისტსაც უმასპინძლოს“, - ასე უპასუხა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერის წამყვანს შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოს სამასპინძლო სექტორი მზად, გაზრდილი რაოდენობის ტურისტების მისაღებად.
„ჩვენ 9 მილიონი ტურისტი მივიღეთ პანდემიამდე, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - გაიხსნა ახალი სასტუმროები, კვების ობიექტები. ცხადია, მუდმივად არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენი სამასპინძლო სექტორი ნამდვილად მზად არის, რომ მიიღოს სტუმრები ნებისმიერი ქვეყნიდან“, - აღნიშნა ომიაძემ.
მისი თქმით, ქართული გასტრონომია და ღვინო არის ამ ქვეყნის განსაკუთრებული მარგალიტი, რის გამოც ამ ქვეყანაში შეიძლება ტურისტი ჩამოვიდეს.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, ფეხდაფეხ ვითარდება სახელმწიფო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, კერძო ბიზნესიც ავითარებას ამ ინფრასტრუქტურას საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.მე მაინც ვფიქრობ, რომ იმ კონკურენციის პირობებში, რაც მსოფლიოს ტურიზმის სექტორში არსებობს, ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვახრეხებთ იმას, რომ მივიღოთ და უკან კმაყოფილი გავუშვათ მოგზაური“, - განმარტა მაია ომიაძემ.
მისივე თქმით, ტურისტების განწყობის გასაგებად, თბილისის აეროპორტის დატოვების დროს, როდესაც მოგზაური ინტერნეტში შედის, კითხვარს ავსებს, რა მოეწონა, რა არ მოეწონა ქვეყანაში და თუ აპირებ კიდევ დაბრუნებას.
„სხვათა შორის, ჩვენს ამ კითხვარს ძალიან ბევრი ტურისტი ავსებს და საინტერესო ფაქტია ის, რომ უდიდესი ნაწილი უკვე მეორედ იმყოფება. ასევე დიდი ნაწილი გეგმავს, რომ უკან დაბრუნდეს საკუთარ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, რაც ჩვენთვის ძალიან პოზიტიური სიგნალია“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები რეკორდულად გაიზარდა. იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.