წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების კერძოდ, საოჯახო სასტუმროებისა და მარნების რიცხვი წინა წელთან შედარებით, 10% გაიზარდა. ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ქალაქის მერიაში სასტუმროს ტიპის შენობის მშენებლობის ნებართვაზე მიმდინარე წელს 7 განაცხადი შევიდა.
"მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე, წყალტუბოში 15 სასტუმრო და 67 საოჯახო ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს. Tskaltubo Plaza საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა, რომელიც უკვე წლებია, მაღალი კლასის ტურისტების მოზიდვას უზრუნველყოფს და საერთაშორისო ვიზიტორებზე მიმართულ ტურისტულ შეთავაზებებს აკეთებს.
წყალტუბო უკვე მრავალი წელია მასპინძლობს ტურისტებსა და დამსვენებლებს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე უცხოეთიდან. ეკოტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვი მზარდია, განსაკუთრებული პოპულარობით სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისები სარგებლობს, რომლებიც წყალტუბოს სამკურნალო კურორტის დანიშნულებას ანიჭებს", - აღნიშნავს წყალტუბოს მერი.
გენადი ბალანჩივაძე ქალაქში დამსვენებლების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სამედიცინო და რეაბილიტაციის მომსახურება მიიღონ, არამედ მშვიდ, მწვანე და მყუდრო გარემოში სრულფასოვნად დაისვენონ.
"წყალტუბოში აბაზანები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, სანატორიუმები და სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობს. თუმცა, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ქალაქს ინფრასტრუქტურული მზადყოფნაც სჭირდება. ამიტომაც ბოლო წლებში წყალტუბოში მასშტაბური პროექტები აქტიურად ხორციელდება – რეაბილიტირდება გზები, წყალსადენი და წყალარინების ქსელები, ეწყობა ახალი რეკრეაციული ზონები, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეები, რაც წყალტუბოს კიდევ უფრო მიმზიდველ კურორტად აქცევს", - აღნიშნავს წყალტუბოს მერი.
გენადი ბალანჩივაძე "ბიზნესპარტნიორთან" სასმელი წყლის საკითხსაც განიხილავს და ხაზს უსვამს, რომ ქალაქის მოსახლეობასა და 15-ზე მეტ სოფელს სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის ღირებულება ₾25 მლნ-ია.
ამასთან, წყალტუბოს მერის განცხადებით, ქალაქში ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია.
"წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამასთან ერთად სასმელი წყლის ქსელი მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ეწყობა. წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა სოფელ გეგუთში მალე დასრულდება, შედეგად 4 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სასმელი წყლის ქსელი მოეწყო ასევე, სოფელ გუმრაში, თერნალში, ბანოჯაში, ჯიმასტაროში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, სოფელ ქვილიშორშიც ხორციელდება", - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მერმა "ბიზნესპარტნიორთან" ტურისტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში არსებულ მღვიმეებში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.