ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირების და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოფო ასანიძის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს.
როგორც სოფო ასანიძე აღნიშნავს, ეროვნული ბანკის მიერ ევროპულ კანონმდებლობასთან ქართული საფინანსო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი მუდმივად დადებითად ფასდება.
"საფინანსო სისტემა სანქციათა რეჟიმს განუხრელად იცავს, აღნიშნული პროცესის კონტროლი ეროვნული ბანკის მხრიდან სისტემატურად ხორციელდება. კერძოდ, როგორც ადგილზე ინსპექტირების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფორმით. აღნიშნული მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან, არა ერთი დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული. ქართული საფინანსო სისტემის შეფასება მაღალია, რაც ფულის გათეთრებას, ასევე ტერორიზმის აღკვეთას ეხება. ამ მიმართულებითაც ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის შესაბამის ანგარიშებში დადებითი შეფასებებია ასახული", - აცხადებს სოფო ასანიძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი ევროპარლამენტს მოუწოდებს, შემდგომი შემზღუდავი ზომები განიხილონ, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა, ან სექტორული სანქციები. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა კი, თავი შეიკავა.