წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ინფორმაციით, წყალტუბოში არსებულ მღვიმეებში (პრომეთე, სათაფლია, თეთრა მღვიმე) ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" გენადი ბალანჩივაძე აღნიშნავს, ქალაქში ვიზიტორები, სხვადასხვა, მიზნით ჩადიან. ამასთან, მუნიციპალიტეტის მერმა ხაზი გაუსვა, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.
"წყალტუბოში მთელი წლის განმავლობაში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები სამკურნალოდ და დასასვენებლად ჩამოდიან. ტურისტული ნაკადი ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით იზრდება — სტატისტიკური მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, რაც მისასალმებელია.
მზარდია დამსვენებელთა რაოდენობა აბაზანებსა და თანამედროვე სპა ცენტრებში, სადაც "მწვანე ქალაქის" სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, როგორც რადონული წყლებით მკურნალობის, ასევე, შეუძლიათ, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები და კვლევები ჩაიტარონ", - აცხადებს გენადი ბალანჩივაძე.
წყალტუბოს მერი უშუალოდ ტურისტების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქში ვიზიტორები ძირითადად თურქეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და რაც მთავარია, საქართველოს, სხვადასხვა, მუნიციპალიტეტებიდან ჩადიან.
"წყალტუბო უკვე მრავალი წელია ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე უცხოეთიდან მასპინძლობს. მზარდია ეკოტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვი, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისები, რომლებიც წყალტუბოს სამკურნალო კურორტის დანიშნულებას ანიჭებს.
დღეს წყალტუბოში აბაზანები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, სანატორიუმები და სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობს. დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სამედიცინო და რეაბილიტაციის მომსახურება მიიღონ, არამედ მშვიდ, მწვანე და მყუდრო გარემოში სრულფასოვნად დაისვენონ. მოგეხსენებათ, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ქალაქს ინფრასტრუქტურული მზადყოფნაც სჭირდება, ამიტომაც ბოლო წლებში მასშტაბური პროექტები აქტიურად ხორციელდება – რეაბილიტირდება გზები, წყალსადენი და წყალარინების ქსელები, ეწყობა ახალი რეკრეაციული ზონები, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეები, რაც წყალტუბოს კიდევ უფრო მიმზიდველ კურორტად აქცევს", - აცხადებს გენადი ბალანჩივაძე.