მომგებიანობა დოტაციის ნაცვლად, გამართული მენეჯმენტი და საბიუჯეტო შენატანები - ასეთია სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი მიზანი.
რეფორმის მიმდინარეობის დეტალები კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეფორმის პირველ ეტაპზე, ოპტიმიზაციის შედეგად ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში წლიურად 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.
აღინიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა შედიოდნენ კონკურენციაში კერძო სექტორთან, რაც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მეტ ეფექტურობას და 2028 წლისთვის, ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.
შეხვედრას სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნატალი მანუილოვა, ფისკალური რისკების მართვის საკითხებში რეგიონული მრჩეველი იანიკ ველი, ფისკალური საკითხების დეპარტამენტის მოკლევადიანი ექსპერტი ევრილ ჰალსტედი და ფისკალური საკითხების დეპარტამენტის მოკლევადიანი ექსპერტი სორანა ბაჩუ დაესწრნენ..