logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Rewind უკვე საქართველოში - ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე

Rewind უკვე საქართველოში - ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე

1753169160

კლიმატურ ცვლილებებთან  ბრძოლის გლობალური ლიდერი - კლიმატ-ტექნოლოგიური კომპანია  REWIND საქართველოში შემოდის.  იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას კარბონის დაკონსერვებისა  და CO₂-ის მდგრადი შენახვის მიმართულებით.

საერთაშორისო კომპანია Rewind (რევაინდი) სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით — მათ შორის იაპონიაში, რუმინეთში, ავსტრალიაში, კანადასა და ბრაზილიაში — ქმნის ნახშირბადის გრძელვადიანი შენახვის გლობალურ ქსელს. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს ნულოვანი ემისიების მიზნის მიღწევაში და უზრუნველყოს CO₂-ის მოცილება ბუნებრივი, ენერგოეფექტური და მეცნიერულად დამტკიცებული ტექნოლოგიებით.

Rewind-ის უნიკალური მიდგომა ეფუძნება მცენარეული ბიომასის ჟანგბადისგან თავისუფალ სივრცეებში — ღრმა მიწისქვეშა გვირაბებსა და ზღვის ფსკერზე განთავსებას, სადაც ნახშირბადი შეიძლება უსაფრთხოდ, საიმედოდ და გრძელვადიანად ინახებოდეს ათასწლეულების განმავლობაში. ეს პროცესი უზრუნველყოფს ემისიების შემცირებას და რეალური წვლილის შეტანას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„საქართველო გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა — როგორც ბიომასის რესურსების, ასევე მისი შენახვის პოტენციალის მიმართულებით. ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და გახდეს რეგიონში გარემოზე ზრუნვის პოზიტიური მაგალითი. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ საწარმოებს ნახშირბადის ნაკადის უკეთ მართვაში, გავაძლიეროთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, შევქმნათ რეალური სარგებელი გარემოსა და ქვეყნის ეკოსისტემისთვის. Rewind-ის საქართველოში შემოსვლა სწორედ ამ ხედვას ემსახურება — გავზარდოთ ცნობიერება და თანამშრომლობის შესაძლებლობები როგორც კერძო სექტორში, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ, ჩვენს ინოვაციურ გადაწყვეტებს საქართველოში რეალური ფორმა მივცეთ“, — აღნიშნავს რამ ამარი, Rewind.earth-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Rewind-ის მიდგომა განსაკუთრებულია იმით, რომ იგი იყენებს უკვე არსებულ ბუნებრივ ლოკაციებს, რაც გამორიცხავს დამატებითი რესურსების გაწევის საჭიროებას და ენერგომოხმარებას. მეთოდი არ გულისხმობს მცენარეული მასალის წვას ან ქიმიურ დამუშავებას, რაც უზრუნველყოფს გამოყენების უსაფრთხოებას და ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის, რომ ნახშირბადი საიმედოდ იყოს დაკონსერვებული ათასწლეულების განმავლობაში (ისე რომ, არ მოხვდეს გარემოში).

„ემისიების შემცირება — იქნება ეს წვის შემცირება, ენერგიის დაზოგვა თუ ტექნოლოგიური გაუმჯობესება — მხოლოდ საკითხის ნაწილობრივ გადაწყვეტაა. იმისათვის, რომ გამონაბოლქვი ნულოვან ნიშნულამდე დავიყვანოთ, აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმაც — მათ შორის, ატმოსფეროში უკვე გამოშვებული CO₂-ის აქტიური მოცილება. უფრო გასაგები რომ იყოს, ცოცხალი მცენარეები შთანთქავენ CO₂-ს, თუმცა, ბუნებაში არსებული მვდარი მცენარეების ბიომასა ლპობის პროცესშ კვლავ გამოყოფენ ნახშირორჟანგს. Rewind კი ამ ციკლს არღვევს და იყენებს ბუნებით შთაგონებულ, მეცნიერულად დამტკიცებულ გადაწყვეტებს“, — აცხადებს ეითან ბრეთლერი, Rewind.earth-ის საოპერაციო დირექტორი.

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე გადადის ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად განვითარებაზე — პროცესზე, რომელიც პასუხობს სამართლიანი გარდამავალი განვითარების პრინციპებს და სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs). Rewind უერთდება ამ გლობალურ ტენდენციას და საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს მისი სრულფასოვანი მონაწილე — საკუთარი უნიკალური რესურსების საფუძველზე.

„საქართველო ფლობს უნიკალურ ბუნებრივ პირობებს, რაც საშუალებას გვაძლევს, არსებული ეკოლოგიური გამოწვევები გარდავქმნათ გონივრულ, პრაქტიკულ და გრძელვადიან გადაწყვეტებად. ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 40% დაფარულია ტყით, რაც ქმნის ბიომასის მდგრადი რესურსის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ამავდროულად, სამთო-მოპოვებით ისტორიულ რეგიონებში დარჩენილი ღრმა და ცარიელი მიწისქვეშა სივრცეები იდეალურია ნახშირბადის უსაფრთხო დაკონსერვებისთვის. თითოეულ ასეთ სივრცეს შეუძლია შეინახოს CO₂-ის ის მოცულობა, რაც ათი ათასზე მეტი ავტომობილის წლიურ ემისიას უტოლდება. დალუქული მიწისქვეშა გვირაბები, ისევე როგორც ზღვის ფსკერი (რაც უკვე გამოიყენება სხვა ქვეყნებში), საქართველოშიც შესაძლებელია გამოვიყენოთ კლიმატზე ზრუნვის ძლიერ მექანიზმად. ამგვარი მიდგომა ამცირებს სათბურის აირების მასობრივ გამოყოფას, თავიდან გვარიდებს ტყის ხანძრებისა და აფეთქების რისკს მიტოვებულ მიწისქვეშა სივრცეებში, ხელს უწყობს ტყის ბუნებრივ განახლებას და ქმნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს“, — აღნიშნავს გარემოს დაცვის პოლიტიკის მრჩეველი ანა ინასარიძე.

Rewind პასუხობს არა მხოლოდ ეკოლოგიურ გამოწვევებს, არამედ ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასაც. კომპანია ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ბიომასის შეგროვების, ტრანსპორტირების, ტერიტორიების მომზადებისა და მიწისქვეშა გვირაბების დალუქვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების გადამზადებას მწვანე ტექნოლოგიებში, რაც ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს და ავითარებს ახალ პროფესიულ უნარებს.

Rewind ეს არის მდგრადი, ინოვაციური და ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც აერთიანებს გარემოზე ზრუნვას, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და სოციალურ ჩართულობას — და საშუალებას აძლევს საქართველოს, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში რეალური და გრძელვადიანი წვლილი შეიტანოს. 

გამოგვყევით