ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ხელშემწყობ ახალ რეგულაციას, კერძოდ, ნეტო დარიცხვის სისტემას უახლოეს ხანებში დაამტკიცებს.
როგორც სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, თამარ პარუნაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლა, სხვადასხვა, ფაქტორებიდან გამომდინარეობს და ხაზს უსვამს, რომ 2027 წლის პირველი იანვრის შემდეგ ყველა მომხმარებელი, რომელიც ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მიერთდება, ნეტო დარიცხვის სქემაში ჩაერთვება.
"სხვადასხვა, ფაქტორებმა იმოქმედა, რომ ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სქემაზე გადავსულიყავით - პირველ რიგში, ეს იმ ვალდებულებებიდან გამომდინარეობს, რაც საქართველოს ასოცირებული შეთანხმებით აქვს. ამასთან, 2016 წელს ენერგეტიკული გაერთიანების წევრები გავხდით, სადაც ვალდებულება ვიკისრეთ, რომ ყველა რეგულაცია და დირექტივა, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში მოხვდება ჩვენს კანონმდებლობაში გადმოვიტანოთ", - აღნიშნავს თამარ პარუნაშვილი.
სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული შემთხვევების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ პირები, რომლებიც უკვე ნეტო აღრიცხვის სქემაში ჩართული არიან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისევ ამ სქემაში დარჩებიან.
"მოქალაქეებს ჩადებული ინვესტიციის აღების საშუალება უნდა ჰქონდეთ, მაგალითად, ზოგიერთ მათგანს ბანკის სესხიც კი აქვთ და დრო სჭირდებათ. მოგეხსენებათ, სესხი კონკრეტულ ბიზნესს მოდელზე იქნებოდა გაცემული, შესაბამისად, დრო დასჭირდებათ…. ბიზნესის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იყო - აინტერესებდათ, რა მოხდებოდა, რამდენად ექნებოდათ ახალ სქემაზე გადასვლამდე გარკვეული პერიოდი და ზოგადად, როგორი იქნებოდა ახალი სქემა. პირველ რიგში, განისაზღვრა პროგნოზი და ითქვა, რომ თუ 2027 წლის პირველ იანვრამდე თუ მიერთდი გამანაწილებელ ქსელზე და სარგებლობდი ქსელში გადადინებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის გაქვითვით, ანუ ნეტო აღრიცხვის სქემით 2033 წლამდე კვლავ ამ სქემაში დარჩები. მეორე 2027 წლის პირველი იანვრის შემდეგ ყველა მომხმარებელი, რომელიც ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით ქსელზე მიერთდება ნეტო დარიცხვის სქემაში ჩაერთვება", - აღნიშნავს თამარ პარუნაშვილი.
ცნობისთვის, ნეტო აღრიცხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესია, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.
ნეტო დარიცხვა კი სისტემაა, რომელიც მზის პანელების მფლობელებს ელექტროენერგიის მართვაში ეხმარება. უფრო კონკრეტულად, თუ ნეტო აღრიცხვის სისტემაში წელიწადში ერთხელ ხდება გაქვითვა და ანგარიშსწორება, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში, ყოველთვიურად მოხდება. მომხმარებელი მის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით გადაიხდის, ხოლო ენერგია, რომელიც მისი მწვანე ენერგიის ობიექტის მიერ იქნება გამომუშავებული და ქსელში შეშვებული, მასზე კომპანიები მომხმარებელს ყოველთვიურად აუნაზღაურებენ შესაბამის თანხას.