logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საავტორო უფლებების დარღვევისას, ინტერნეტ მიმწოდებლებს შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. როგორც "საქპატენტის" თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, ინიციატივის მიზანია ინტელექტუალური შემოქმედების ავტორების უფლებები დაცული იყოს. კანონპროექტის მიხედვით, საავტორო უფლებების დარღვევისას, ინტერნეტ მიმწოდებლებს ("მაგთიკომი", "სილქნეტი" და ა.შ.) შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

"საქპატენტის" თავმჯდომარის თქმით, თუ კონკრეტული მასალის ავტორი დაადასტურებს, რომ მის საკუთრებაში არსებული მასალა ინტერნეტში არაუფლებამოსილი პირის მიერაა გავრცელებული, ინტერნეტ პროვაიდერი ვალდებული იქნება, აღნიშნული ინფორმაცია 24 საათში პლატფორმიდან ამოიღოს.

"ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ ინტერნეტ პროვაიდერებზე ("მაგთიკომი", "სილქნეტი" და ა.შ), რომლებიც მოსახლეობასთან შუალედური მიმწოდებლების ფუნქციას ასრულებენ, ვალდებული იქნებიან, რეაგირება მოახდინონ საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მუსიკა, ფილმი და სხვა კულტურული პროდუქტები ავტორებისთვის არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ ფინანსური რესურსის წყაროა, შესაბამისად, აუცილებელია, ინტერნეტსივრცეში მათი არალეგალური გავრცელება აღიკვეთოს", - აღნიშნავს სოსო გიორგაძე.

სოსო გიორგაძე გლობალურ პლატფორმების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინიციატივა არ შეეხება ისეთ გლობალურ სოციალურ ქსელს, მაგალითად, როგორიცაა FACEBOOK-ი, რადგან აღნიშნულ პლატფორმას დამოუკიდებელი მარეგულირებელი პოლიტიკა აქვს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას წვდომა რეალურ საავტორო უფლებების მქონე დაცულ მასალაზე ჰქონდეს. ეს ყველაფერი ძალიან გავრცელებული მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, როდესაც ე.წ. მეკობრეობრივი გზით ხდება, სხვადასხვა, მასალის ინტერნეტსივრცეში განთავსება.

თუმცა ხაზი უნდა გავუსვა, მაგალითად, FACBOOK განსხვავებული სტრუქტურაა, საკუთარი მარეგულირებელი აქტები აქვს, როდესაც FACBOOK-ზე ხდება დარღვევა დაზარალებულმა აღნიშნული სოციალურ ქსელის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს", - აღნიშნავს სოსო გიორგაძე. 

ცნობისთვის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტი "საქპატენტის" ინიციატივით მომზადდა, საქართველოს მთავრობის მიერ უკვე მიღებულია და ამჟამად, პარლამენტში საკომიტეტო განხილვის ეტაპზეა.

გამოგვყევით