თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც 23 789 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სახელმწიფომ საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადასცა, რომელიც, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი მოაწყოს და ის ფუნქცია დაუბრუნოს, რაც გააჩნდა. ე.წ. ამერის სტადიონი 2004 წელს, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და კერძო მესაკუთრეს 20 წლის ვადით გადაეცა.
„გლდანის რაიონში საკმაოდ ცნობილია ე.წ ამერის სტადიონი. მიუხედავად არსებული მძიმე პირობებისა, ძალიან დატვირთულია აქაურობა, დაახლოებით, 1 000 ბავშვი დადის აღნიშნულ სკოლაში. მოსახლეობას ვპირდები, რომ აქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული სკოლა, იმისთვის, რომ პატარებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ პირობებში ივარჯიშონ და მიაღწიონ წარმატებას. გაკეთდება ორი საფეხბურთო მოედანი, თავისი გასახდელებით, საშხაპეებით, ღამის განათებებით. მთლიანად აღდგება მაყურებლების ტრიბუნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე მერთან ერთად თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.